„კონკრეტულად ADB-ისთან დაკავშირებული გეგმებიც გვაქვს“ – ინტერვიუ ჯემალ ინაიშვილთან

ADB კერძო სექტორის დაფინანსებას მეტ ყურადღებას დაუთმობს – ეს ერთი მიდგომაა, რაც ბანკის 58–ე ყოველწლიური შეხვედრის მთავარ მარკერად იქცა იტალიაში, მილანში. პრეზიდენტ მასატო კანდას აქცენტი არ გამორჩენია არც ჯემალ ინაიშვილს, თბილისის მშრალი პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. BMG-იმ ჯემალ ინაიშვილთან მილანში მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.
– რამდენად კმაყოფილი ხართ იმით, რაც ამ დრომდე მოისმინეთ – მათ შორის, პრეზიდენტ კანდასგან?
– დღეს დეტალები გავიგეთ. დაფინანსების სფეროები და დაფინანსების მოცულობაც. ჩვენ აქტიურად უნდა ვიყოთ ამ ყველაფერში ჩართული, რომ შევძლოთ გარკვეული პროექტების საქართველოში დაფინანსება. აზიის განვითარების ბანკი ძალიან მონდომებულია უკვე კერძო სექტორის დაფინანსებაშიც მიიღოს მონაწილეობა. კონკრეტული დარგებია აქაც – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა.
– თქვენი მოლოდინი რა არის – შეძლებს საქართველოს კერძო სექტორი აზიის განვითარების ბანკის დღის წესრიგში ჩაწერას?
– ყველა პროექტს სჭირდება დაფინანსება. ის, რომ აზიის განვითარების ბანკი ამ თვალსაზრისით აქტიურდება და საქართველოში ბანკი სხვა მიმართულებებით უკვე ძალიან აქტიურია, ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან ეს მეტ შესაძლებლობას გვიხსნის ჩვენ, რომ შევძლოთ მსხვილი პროექტების უკვე აზიის განვითარების ბანკის მეშვეობითაც დაფინანსება.
– თქვენ სად ხედავთ საკუთარ თავს, საკუთარ ბიზნესს ამ დიდ სურათში?
– ჩემს თავს ვხედავ ყველგან, რაც უკავშირდება ტრანსპორტს და ლოგისტიკას. კონკრეტულად აზიის განვითარების ბანკთან დაკავშირებული გეგმებიც გვაქვს და გვინდა, რომ მათ შევთავაზოთ გარკვეული პროექტები და მივიღოთ მათი დაფინანსება.
– ახლა ვერ გამიმხელთ?
– ჯერ მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველაფერი უკავშირდება ტრანსპორტს და ლოგისტიკას და იმას, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ.