საკონდიტრო “დუშეფის” დამფუძნებელმა ხათუნა ბაკურაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ კონდიტერის პროფესიის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია.
მისი თქმით, სკოლა, რომელიც 4 წელია ბაზარზე წარმატებით ოპერირებს, ფაქტობრივად ყოველთვიურად, უწყვეტად მუშაობს. ამასთან კონდიტერი დასძენს, რომ აპრილისა და მაისის ჯგუფები სრულად შევსებულია, ხოლო ივნისის ჯგუფების რეგისტრაცია უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს.
„დღეს კულინარია ერთ-ერთი ყველაზე მოდური მიმართულებაა. ბევრი ახალგაზრდა წყვეტს, რომ ამ სფეროში პროფესიონალურად განვითარდეს, რაც ნამდვილად სწორი და გამართლებულია, რადგან ხელს შეუწყობს სტაბილური და ხარისხიანი პროდუქციის შექმნას.
ეს კი, ჩემს სკოლაზე ძალიან კარგად აისახება. ფაქტობრივად, არცერთი თვე არ მაქვს კურსის წყვეტა. ყოველთვიურად გვყავს სასწავლო ჯგუფები და საკმაოდ მაღალი დასაქმების მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენი კურსები მუდმივად მოთხოვნადია, რომლის ღირებულებაც 2500 ლარს შეადგენს. კურსებზე მოთხოვნის მზარდი ტენდენცია სულ იყო და არის. ამ დროისათვის, აპრილი-მაისის ჯგუფები სრულად შევსებულია, ხოლო ივნისის ჯგუფებზე რეგისტრაცია მალე დაიწყება. როგორც წესი, ჯგუფები 1 კვირაში კომპლექტდება ხოლმე“, – ამბობს ბაკურაძე.
მისივე ინფორმაციით, სკოლით ძირითადად ის ადამიანები ინტერესდებიან, რომლებსაც სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ, თუმცა საკონდიტრო მიმართულებით ცოდნა არ აქვთ. ამასთან, ის ადამიანებიც არიან დაინტერესებული, რომლებსაც საკუთარი ობიექტის გახსნა სურთ.
„სასწავლო პროგრამა 1 თვის განმავლობაში გრძელდება და ერთ ჯგუფში 12 მოსწავლეზე მეტს არ ვიღებთ. ვფიქრობთ, რომ ჯგუფში 12 ადამიანი საკმარისია იმისთვის, რომ ყველასთან ინდივიდუალური კომუნიკაცია შედგეს და მაქსიმალური წაიღონ ჩვენგან, კვალიფიკაცია აიმაღლონ ან ისწავლონ. ჩემი დაკვირვებით, აღმოჩნდა, რომ ვისაც საკონდიტროებში ჰქონდა სამუშაო გამოცდილება მიღებული, სტანდარტულ ასორტიმენტზე აქვთ ნამუშევარი და მათთვისაც სიახლეა ეს ყველაფერი, როგორც დამწყებებისთვის.
პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, ჩვენ თეორიულ ცოდნასაც ვაძლევთ. სწავლების პროცესს თავად ვუძღვები. თუმცა ასევე, კიდევ ერთი ლექტორი მყავს, ვინც ჩემთან ერთად ახორციელებს ამ პროგრამას. ამის მიუხედავად, მოსწავლეებს 90%-ით საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ. კურსები გვაქვს როგორც დილას ასევე საღამოსაც, კვირაში 4 დღე“, – აცხადებს ხათუნა ბაკურაძე.
შეგახსენებთ, ხათუნა ბაკურაძის საკონდიტრო “დუშეფი” ბაზარზე სამი წელია ოპერირებს და მომხმარებელს ევროპულ და განსხვავებულ, კომპანიის შეფის რეცეპტებით შექმნილ საკონდიტრო ნაწარმს სთავაზობს.
