პარტია “ქართული ოცნებისგან” გამოყოფილი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მედიაპლატფორმა „პოსტივი“ ავრცელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაღებულ კადრებს, რომლებზეც ჩანს, როგორ ხვდებიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს, მოქალაქეები, ასევე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ისა” და “იმედის” გადამღები ჯგუფები.
მოქალაქეები ივანე ჩხიკვაძეს უწოდებდნენ “გამყიდველს”, “სახელმწიფოს მტერს”, “სერგო ორჯონიკიძესა” და “სოროსის ფულზე გაყიდულ აგენტს”, ჟურნალისტებმა კი ჰკითხეს: “ქვეყნის ინტერესების ღალატი არ არის თქვენი საქციელი?” “ვისი სახელით გამოდიოდით?”
აეროპორტში დამხვედრი ხალხი თავს უწოდებს ადამიანებს „საქართველოდან”. ჩხიკვაძეს მათთვის პასუხი არ გაუცია.
ივანე ჩხიკვაძე მომხსენებელი იყო აშშ-ის კონგრესში, “ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში, 4 ივნისს ჩატარებულ მოსმენაზე, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა. მასთან ერთად მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი.
მომდევნო დღეს, 5 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ღალატი უწოდეს „აგენტების კანონის“ შესახებ ქართველი მომხსენებლების გამოსვლას აშშ-ის კონგრესში.
ჩხიკვაძემ სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ცხადია – ქვეყნის მომავალი ევროკავშირსა და ნატოშია და ამ არჩევანს ისინი ხმამაღლა ქუჩაში აფიქსირებენ. ეს ხმა „ისმის აქ, ვაშინგტონში, და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში“, მაგრამ ის არ ესმის მმართველ პარტიას, რომელიც „ხალხის ნების საწინააღმდეგოდ“ „კედელს აღმართავს საქართველოსა და დასავლეთს შორის“.
მან ასევე თქვა, რომ „აგენტების კანონი სრულიად გააქრობს კრიტიკულ ხმებს და გაანადგურებს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებას“, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში აშენებდა მეგობრებისა და პარტნიორების, მათ შორის აშშ-ის გულუხვი მხარდაჭერით.
„ჰელსინკის კომისიამ“, რომელიც 50-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე დაარეგისტრირა „MEGOBARI აქტი”. ის მიმართულია საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების და ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვისკენ და მათი დარღვევისთვის სანქციებსაც ითვალისწინებს.
“აგენტების კანონის” ხელახლა ინიციირების შემდეგ, საქართველოში მისი მიღების მოწინააღმდეგეების მრავალათასიანი აქციები იმართებოდა. დასავლელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, „აგენტების კანონი“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ძალაში 3 ივნისს შევიდა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით.
„აგენტების კანონის” მიღების შემდეგ, ერთი მხრივ, მოქალაქეები საჯარო სივრცეში „მოღალატეებს“ და „მონებს“ უწოდებენ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს კანონს. მეორე მხრივ, კანონის მოწინააღმდეგე სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ფიზიკურად უსწორდებიან. გრძელდება მათ დევნა, დაშინება და შეურაცხყოფა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს სახლებისა და ოფისების კედლებზე მუქარის შემცველი წარწერები ხვდებათ, თავს დაესხნენ ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” ოფისს.
გამოძიებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული აქტივისტებზე თავდამსხმელი არცერთი ადამიანი.