კონგრესმენებმა ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდეს, ხელი შეუწყოს ყარაბაღში სომეხთა დაბრუნებას

აზერბაიჯანში პროტესტი გამოიწვია პრეზიდენტ ს ადმინისტრაციისადმი კონგრესმენების მოწოდებამ, მხარი დაუჭიროს მთიან ყარაბაღში სომეხთა დაბრუნებას.
ამერიკის სომეხთა ეროვნულმა კომიტეტმა 23 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 87-მა რესპუბლიკელმა და დემოკრატმა წევრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, მხარი დაუჭიროს შვეიცარიის პარლამენტის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს მოლაპარაკების საერთაშორისო პლატფორმის შექმნას ყარაბაღში(არცახში) სომხური მოსახლეობის უსაფრთხოდ, საერთაშორისო გარანტიებით დასაბრუნებლად.
სახელმწიფო მდივნისადმი კონგრესმენების წერილის თანახმად, მაშინ, როცა მუშაობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დასამყარებლად, საჭიროა კონფლიქტის მხარეთა ჩართვა მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადასახლებული სომხების უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
ყარაბაღის ყოფილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ომბუდსმენმა გეგამ სტეპანიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს განუცხადა, რომ კონგრესმენების ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან ყარაბაღში სომხური მოსახლეობის უსაფრთხოდ დაბრუნება საერთაშორისო გარანტიების გარეშე არარეალურია.
ერევანი ბაქოსთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში ამ საკითხს არ განიხილავს.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ინფორმაციით, 24 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს მიმართეს აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც კონგრესმენების წერილი შეაფასეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად.
ამ ორგანიზაციების თანახმად, „ბაიდენი-ბლინკენის ეპოქის პროსომხურმა ფიგურებმა ფაქტობრივად, ღია პროვოკაცია მოაწყვეს სამხრეთ კავკასიაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ“.
აზერბაიჯანული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მაშინ, როცა სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად რთული სამუშაო გრძელდება, ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფის მოწოდება პროცესისთვის ხელის შეშლის, დაძაბულობის ხელოვნურად შექმნის და რეგიონში კონფლიქტის ახალი კერის პროვოცირების მცდელობაა.
აზერბაიჯანულმა ორგანიზაციებმა კონგრესმენებს მოუწოდეს, აღიარონ სომხეთიდან დევნილი ასეულობით ათასი აზერბაიჯანელის დაბრუნების უფლებაც.
აზერბაიჯანმა 1990-იან წლებში დაკარგული მთიანი ყარაბაღის ნაწილი 2020 წელს 44-დღიანი ომის შედეგად დაიბრუნა, ხოლო 2023 სექტემბერში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.
მთიანი ყარაბაღი დატოვა ათეულობით ათასმა სომეხმა. მათ თავი ძირითადად, სომხეთს შეაფარეს. ერევანმა ბაქო დაადანაშაულა ეთნიკურ წმენდასა და დეპორტაციაში. თავის მხრივ, აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ყარაბღიდან სომხები ძალით არ გაუყრია და მათ რეინტეგრაციას სთავაზობდა.
ფორუმი