კონგრესმენები: ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში

ამერიკის ხმა, ეკა მაღალდაძე
ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში საკანონმდებლო ინიციატივებია წარდგენილი, რომლებითაც სენატორები და კონგრესმენები ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას მხარდაჭერას უცხადებენ. მმართველი გუნდის წევრებს კი დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ ქმედებებზე პასუხისმგებელობის დასაკისრებლად, შეზღუდვებს უწესებენ.
კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც კონგრესის ქვედა პალატაში „მეგობარი აქტი“ წარადგინა, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამერიკელი კანონმდებლების რეაგირების უმთავრესი მიზანი ისაა, რომ ქართველ ხალხს სიტყვის თავისუფლება და საერთოდ, თავისუფლად ცხოვრების საშუალება ჰქონდეს.
“საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მისი ხალხი კი – ძალიან მამაცი… როდესაც გავიგე იქ [ვლადიმირ პუტინის] ს გავლენის შესახებ, [ვიფიქრე], რომ ის უნდა აღმოიფხვრას, ან შემცირდეს იმისთვის, რომ საქართველოს ხალხმა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება. ეს გულისხმობს სიტყვის თავისუფლებასაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დიქტატორების გამარჯვების უმთავრესი მახასიათებელი ისაა, რომ სიტყვის [თავისუფლება] არ დაუშვან”, – ამბობს უილსონი და დასძენს, რომ სჯერა, ქართველები მშვიდობიან გზას აირჩევენ და “პოზიტიური ცვლილებების” მიღწევას “პოლიტიკური სისტემის შიგნით შეძლებენ”, რადგან ისინი “ძლიერი ნებისყოფის ადამიანები არიან და თავისუფლება სურთ. “მათი მომავლის მიმართ იმედიანად ვარ განწყობილი”, – ამბობს კონგრესმენი.
„კომისია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შესახებ“, იგივე „ჰელსინკის კომისია“ ამერიკის მთავრობაში მოქმედი დამოუკიდებელი კომისიაა, რომელიც 57 ქვეყანაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით არსებულ ვითარებაზე მუშაობს. კომისია 1976 წელს დაფუძნდა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის ლეგიტიმურობა გაძლიერებულიყო.
კონგრესმენი უილსონი, რომელიც “მეგობარი აქტის” ინიციატივით გამოვიდა, სწორედ “ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა” და ამბობს, რომ შეზღუდვებისა და მხარდაჭერის აქტები ორპარტიულად, ორივე პალატაში სწორედ იმიტომაა წარდგენილი, რომ საქართველო და მისი დემოკრატიული განვითარება ვაშინგტონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია:
“რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. Აი, ამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, ყოველთვის იყო, და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს”, – მიიჩნევს კონგრესმენი, და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი “ამერიკის ხმასთან” საუბარში.
ჰელსინკის კომისიის კიდევ ერთი სტაჟიანი წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი ამბობს, რომ “საქართველოს ხელს ჰკრავენ მოსკოვისკენ”:
“ჩვენ ვალდებულნი ვართ ქართველი ხალხის წინაშე, დავეხმაროთ დაიცვან თავისი დემოკრატია და პრო-დასავლური მომავალი. ეს კანონი სწორედ ამას აკეთებს და ქმნის საფუძველს ახალი ფურცლის დასაწყებად, უფრო მრავალფეროვანი და გაფართოებული ორმხრივი პარტნიორობისთვის”, – ამბობს კონგრესმენი ტენესის შტატიდან.
ამერიკელი კანონმდებლები გვეუბნებიან, რომ ისინი მხარს უჭერენ არა ამა თუ იმ პოლიტიკურ გუნდს, არამედ ქართველი ხალხის მისწრაფებებს და პრიორიტეტებს. შეზღუდვები კი, რომელიც ორივე პალატაში წარადგინეს, პასუხია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხალხის ნებას და არჩეულ კურსს ეწინააღმდეგება.
“ჩვენთვის პრობლემაა ნებისმიერი, ვისაც სურს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარეს იყოს. ეს დემოკრატიისთვის საფრთხეა ყველგან”, – ამბობს გრეგორი მიქსი, დემოკრატი კონგრესმენი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი და დასძენს: “ამიტომ, ვფიქრობ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი. არაა ის, სადაც უნდა ვიდგეთ, როგორც დემოკრატიული ქვეყნები. თუკი სხვაგვარად იქცევი, მაშინ ამბობ, რომ გსურს ავტოკრატიული ქვეყნების და მათი ტიპის დიქტატორების ნაწილი იყო. ვიმედოვნებ, ისინი ამას გაითვალისწინებენ.”
ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან და მის წინააღმდეგ პროტესტზე ძალადობრივი პასუხის გარდა, ამერიკის კონგრესში წუხან იმაზეც, რომ მათი აზრით, საქართველოში რუსული გავლენა იგრძნობა. რესპუბლიკელი კონგრესმენი დონ ბეიკონი ამბობს, რომ დეტალების ცოდნა არ სჭირდება იმის სათქმელად, რომ ესმის, “ქართველ ხალხს არ სურს რუსეთის გავლენის ქვეშ ცხოვრება”.
“[ამ] ხალხს თავისუფალი ქვეყანა, თაავისუფალი ბაზრები, ადამიანის უფლებების პატივისცემა სურს. ვიმედოვნებ ისინი ამ სურვილს აისრულებენ”, – ამბობს ბეიკონი.
“ქართული ოცნების” ლიდერები ვაშინგტონს შანტაჟის ენით საუბარში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სავიზო რეჟიმისა და სავაჭრო ურთიერთობის გამარტივების, თუ სამხედრო დახმარების გაძლიერების დაპირება – რასაც თბილისი კანონზე უარის თქმისა და ს დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შემთხვევაში მიიღებს, “ბუნდოვანი პერსპექტივაა”, და „ნამდვილი მეგობრები“ ერთმანეთისგან დათმობებზე წასვლას არ უნდა მოითხოვდნენ.
რესპუბლიკელი კონგრესმენი ენდი ბარი ამბობს, რომ ამერიკელთათვის საქართველოსთან მეგობრობა სთან მეგობრობის მსგავსია.
“ბევრი ამერიკელი უყურებს საქართველოსთან მეგობრობას ისევე, როგორც ჩვენ ვუყურებთ უკრაინასთან მეგობრობას. ჩვენ უნდა მივაწოდოთ საქართველოს ის “შეკავება”, რაც მათ ამ სიტუაციაში სჭირდებათ”, – მიიჩნევს კონგრესმენი ბარი.
შანტაჟთან და „დათმობების მოთხოვნასთან“ დაკავშირებულ, როგორც მას “ქართული ოცნება” უწოდებს, კითხვაზე პასუხად „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერიც იმას უსვამს ხაზს, რომ შეშფოთების ეს მასშტაბი სწორედ იმ ურთიერთობის მნიშვნელობის დაფასებითაა განპირობებული, რაც ორ ქვეყანას ათწლეულებია აკავშირებს.
“ჩვენ წარმოუდგენლად შეშფოთებულნი ვართ ამ კანონით. ამის მიზეზი ნაწილობრივ სწორედ ის შესანიშნავი მეგობრობაა, რომელიც ამერიკასა და საქართველოს შორის არსებობს. თუკი გასულ 30 წელს თვალს გადაავლებთ, ჩვენს ორ ქვეყანას, ორ ხალხს უდიდესი კავშირი ჰქონდა. ჩვენ სრულად ვუჭერდით მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სრულად ვუჭერდით მხარს ევროპასთან მეტ ინტეგრაციას, ნაბიჯებს, რომელსაც დემოკრატიის გასაფართოებლად დგამდნენ”, – ამბობს მილერი და განმარტავს, რომ თბილისის დემოკრატიული უკუსვლა სწორედ ამიტომაა ვაშინგტონგტონისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და შემაშფოთებელი.
“სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ ამის მსგავს უკან გადადგმულ ნაბიჯს, როცა ვხედავთ, რომ იღებენ კანონს, რომელიც საკმაოდ მკაფიოდ ეფუძნება რუსეთში [არსებულ] კანონებს, რომელთა მხარდამჭერი მოქმედებებიც სწორედ რუსეთის ორბიტაზე მყოფი ქვეყნებისგან გვინახავს, ეს ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაშფოთებს“, – ამბობს “ამერიკის ხმის” უკრაინულ რედაქციასთან ინტერვიუში მეთიუ მილერი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი.
ვაშინგტონის ყურადღება ახლა კვლავ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობისკენაა მიმართული, დაძლევს თუ არა ის პრეზიდენტის ვეტოს და აამოქმედებს თუ არა კანონს, რომლის მიღების გამოც სახელმწიფო დეპარტამენტმა ქვეყანასთან სტრატეგიული ურთიერთობის გადახედვა გადაწყვიტა.