კომუნიკაციების კომისია ფორმულას ამჯერად გიორგი გახარიას საარჩევნო რგოლის გამო ედავება

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
მარეგულირებელი კომისია ფორმულას ამჯერად გიორგი გახარიას პარტიის საარჩევნო რგოლის ეთერში გაშვებისთვის ედავება. კერძოდ, დავის საბაბი პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება გახდა, რის შედეგადაც, ფორმულამ გიორგი გახარიას პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო.
ეს გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება.
იურისტების განმარტებით, შედეგების მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭების უფლებას კანონი იძლევა. მარეგულირებელი კომისია კი Edison Research-ის კვლევის აუდიტს მოითხოვს, რასაც კანონი არ ითვალისწინებს.
მარეგულირებლის თანახმად, მაუწყებელი უფლებამოსილია კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად ის პოლიტიკური პარტია აღიაროს, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობებით, ს წელს ჩატარებული არანაკლებ ხუთი კვლევის თანახმად, სარგებლობს ამომრჩეველთა არანაკლებ 4%-ის მხარდაჭერით.
Edison Research-ის ბოლო კვლევებით, გიორგი გახარიას პარტიას სწორედ 4%-ზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ ფორმულასგან დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა კვლევის შედეგების გადამოწმებისა და შესწავლის თაობაზე.
ფორმულას გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე ამბობს, რომ ტელეკომპანია ენდობა Edison-ის მონაცემებს და ვერ ხედავს საჭიროებას, მათი მონაცემები გადამოწმდეს.
“ჩვენ მარეგულირებელმა ფაქტობრივად დაგვავალა, რომ Edison Research-ის კვლევის აუდიტირება და მისი შემოწმება მოგვეხდინა. ჩვენ, ცხადია, ვენდობით Edison-ის მონაცემებს და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, რომ მათი მონაცემები გადამოწმდეს. ცხადია, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თანაბარი გარემო არ იყოს მიღწეული ქვეყანაში და ოპოზიციურ პარტიებს შეეზღუდოთ მათი სარეკლამო აქტივობების შესაძლებლობა”, – თქვა ზუკა გუმბარიძემ.