კომუნიკაციების კომისიამ 3 ტელეკომპანია სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ სანქცია არ დაუწესა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები “ტვ პირველი”, “ფორმულა” და “მთავარი” სამართალდამრღვევებად ცნო, მაგრამ სანქციის გარეშე დატოვა. მათ შორის არ გაუცია წერილობითი გაფრთხილებაც. კომისია გადაწყვეტილების დასაბუთებას ერთ კვირაში გამოაქვეყნებს.
მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ტელეკომპანიებს, „პირველს“, “მთავარსა” და “ფორმულას” კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა სხვადასხვა ტერმინის – „რეჟიმი“, „ოლიგარქის რეჟიმი“, „არალეგიტიმური ხელისუფლება“ და ა.შ. – გამოყენების გამო.
პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი ტელეკომპანიებს მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე, 59-ე პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.
ახლახან შეცვლილი საკანონმდებლო ნორმების მიხედვით, მაუწყებელთა შინაარსის კონტროლი და დასჯა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელში გადავიდა.
მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის შეცვლილ ვარიანტში დაწესდა მოთხოვნები, მათ შორის – ახალი ამბების პროგრამისთვის. ახალი ამბების გადაცემისას მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვა; მე-2 პუნქტი – ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ფაქტისა და მოსაზრების მკაფიო გამიჯვნა; მე-5 პუნქტი – დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე და ასევე – რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. 59¹ მუხლის მე-5 პუნქტი კი 54-ე მუხლის ნორმებს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ მასალებზე, მათ შორის ე.წ. ქარდებზეც ავრცელებს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები ერთი ნაწილია „რეპრესიული კანონების“ სერიიდან, რასაც ხელისუფლების ოპონენტები აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დასჯის შესაძლებლობა გააჩინა, მაშინ, როდესაც მაუწყებლებისთვის თვითრეგულირების მექანიზმი არსებობდა.
“[54-ე მუხლი] თავისი შინაარსით, არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი, მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო, გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას. შესაბამისად, ეს მუხლი, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას”, – განმარტავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.