კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა, მთავარი არხი და TV პირველი სამართალდამრღვევებად ცნო

კომუნიკაციების კომისიამ ქართული ოცნების სარჩელი დააკმაყოფილა და მთავარი არხი, ტელეკომპანია პირველი და ფორმულა სამართალდამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. სამივე ტელეკომპანია ქართული ოცნების არაეთიკური პოლიტიკური რგოლის განთავსებაზე უარს ამბობს.
5 ოქტომბერს, ფორმულამ, მთავარმა არხმა და ტვ პირველმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ “ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი”.
მთავარმა არხმა, TV პირველმა და ფორმულამ კომისიას საპასუხო წერილები წარუდგინეს, სადაც რგოლის განუთავსებლობის მიზეზად ასახელებენ იმას, რომ რგოლი არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას.
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია ისეთი პოლიტიკური რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს ომის და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას. ხოლო, რაც შეეხება რეკლამის არაეთიკურობას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აღნიშნული არ წარმოადგენს მაუწყებლის შეფასების საგანს, შესაბამისად, ამ მოტივით პოლიტიკური რეკლამის მაუწყებლის მიერ განუთავსებლობა კანონის დარღვევას წარმოადგენს”, – აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში.
კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლი არ შეიცავს არც ომის პროპაგანდას და არც ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ მოწოდებას.