კომუნიკაციების კომისიამ „იმედი“ და „რუსთავი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის კანონდამრღვევებად ცნო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო ტელეკომპანია “იმედი” ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევებად ცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა.
ორივე ტელეკომპანიას უჩივლა კოალიციამ „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ “რუსთავი 2-მა” და “იმედმა”, მიუხედავად ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა, “ძლიერი საქართველოს” რეკლამა ტელევიზიით არ გაუშვა.
კომისიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „იმედმა“ 9 ოქტომბერს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას, “არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი, მეთოდი, შესაძლო ცდომილების ფარგლები და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა უფასო იყო თუ ფასიანი. მოგვიანებით, 10 ოქტომბერს, გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას, კვლავ არ მიუთითა გამოკითხვის თარიღი, მეთოდი და შესაძლო ცდომილების ფარგლები.”
საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს გამოკითხვის დამკვეთი, გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო, ასევე, ორგანიზაცია რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა, გამოკითხვის თარიღი, მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები.

ასევე დაგაინტერესებთ