საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, ბანკებისთვის ჯარიმების გაზრდილ ზღვარზე ეროვნულ ბანკთან კომუნიკაცია გრძელდება.
BMG-ის კითხვაზე, რა ეტაპზეა საკითხი და თუ გაითვალისწინა სებ-მა სექტორის რეკომენდაციები, ძნელაძე ამბობს, რომ იმ დაზუსტებებზეა საუბარი, რა კონკრეტული ვადები იქნება გამოყენებული ჯარიმის ამოქმედების კუთხით.
“არსებობდა რეკომენდაციები და გრძელდება კვლავინდებურად მუშაობა ეროვნულ ბანკთან. უფრო მეტად, პროცესუალურ ნაწილთან მიმართებით იმ დაზუსტებებზეა საუბარი, რა შემთხვევაში რა კონკრეტული ვადები იქნება გამოყენებული ამ თუ იმ ჯარიმის ამოქმედების კუთხით. მოცულობასთან მიმართებით შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, სასიამოვნო ნამდვილად არ არის აღნიშნული თანხების ზრდა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ყოველთვის იქნება განჭვრეტადობა, რამდენად რისკის მატარებელი იქნება ამ თუ იმ საფინანსო ინსტიტუტისთვის აღნიშნული ჯარიმების ამოქმედება”, – ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.
2025 წლის 4 მარტს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა ნათია თურნავას ბრძანება, რომელიც კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულ ჯარიმების ზედა ზღვარს ზრდის. ბანკების ფულადი ჯარიმების განმსაზღვრელი ბრძანება, რომელიც 4 მარტამდე მოქმედებდა, ეროვნულმა ბანკმა 2009 წელს მიიღო და მისი მიხედვით, სებ-ს ბანკებისთვის შეეძლო დაეწესებინა ჯარიმა, რომლის მოცულობაც იყო საზედამხედველო კაპიტალის 0.01%, 0.05%, 0.1%, ხოლო ახალი ბრძანებით მას დაემატა საზედამხედველო კაპიტალის 0.5%-ისა და 1%-ის ოდენობის ჯარიმები. შესაბამისად, ჯარიმის ზედა ზღვარი გაათმაგდა.
