კომპანია “ქართული კალათას” დირექტორის ვაკო ელისაბედაშვილის განცხადებით, კომპანიის გაყიდვები საშუალოდ 15-17%-ით იზრდება. როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, მათი მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან.
ვაკო ელისაბედაშვილის თქმით, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანია ადგილობრივ ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.
“ჩვენი პროდუქციის შეძენა “გუდვილში”, სამივე საერთაშორისო აეროპორტის duty free-ს ზონაში, ტურისტულ ლოკაციებზე სხვადასხვა საცალო მაღაზიაში და ასევე, ჩვენს ბრენდულ მაღაზიებსა და სტენდებზე შეიძლება. ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება გვინდა, თუმცა მოლებში ფართის მოძიება რთული და ასევე, ძვირია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ფორმატს შედეგი აქვს.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ახალ საწარმოს, ლანჩხუთში აშენებს, რომლის დასრულების შემდეგაც “ქართული კალათა” წარმადობის ზრდასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
“ახალი საწარმოს მშენებლობა დასრულებულია და ბოლო დეტალებია დარჩენილი. გვსურს, რომ წარმოების ნაწილი მაინც წელს გადავიტანოთ”, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, კომპანიას თბილისში 2 ბრენდული მაღაზია აქვს და ასევე, ბაზარი ორბელიანზე და “გალერია თბილისში” სტენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის ძირითადი მიმართულება ქართული ტრადიციული პროდუქტების წარმოება-რეალიზაციაა. “ქართულ კალათაში” შედის ისეთი პროდუქტები როგორიც არის: ტყემალი, გოზინაყი, ჩურჩხელა, სანელებლები, ჯემები, ჩაი, ზეთი და ა.შ. პროდუქტების ნაწილს სხვადასხვა ქართული კომპანია აწარმოებს, თუმცა შეფუთვასა და რეალიზაციას “ქართული კალათა” უწევს. გარდა ამისა, კომპანია ნედლეულის ნაწილს ფერმერებისგან იბარებს.




