26 დეკემბერს რამდენიმე სამთავრობო მედიასაშუალებამ (ტელეკომპანია „იმედი“, “რუსთავი 2“, „პოს-ტვ“) იმ კომპანიების მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ გაავრცელა კონკრეტული ინფორმაცია, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საგარეო კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებენ.
როგორც საქსტატში ისე შემოსავლების სამსახურში bm.ge-ს მიმართვის პასუხად ირწმუნებიან, რომ მათი მხრიდან კანონი დარღვეული არ ყოფილა და მესამე პირზე ინფორმაცია არ გაუციათ. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ კანონით ეს მონაცემები საგადასახადო საიდუმლოებას განკუთვნილი ინფორმაციაა.
Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი გვიხსნის, რომ როცა ამ ტიპის ინფორმაცია საჯარო ხდება და საქმე ცალსახა კანონდარღვევასთან გვაქვს, საკითხით შემოსავლების სამსახური თავად უნდა დაინტერესდეს, თუმცა ცალკეული ბიზნესების მხრიდან მიმართვის შემთხვევაში, კანონის დარღვევის გამო კანონის სხვა მუხლი მათთვის ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს.
“რაც შეეხება 39-ე მუხლს, პირდაპირ წერია, რომ თუ დაირღვა კანონის ნორმა და გამჟღავნებული იქნა საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ეს იწვევს სათანადო პასუხისმგებლობას. მათ შორის ბიზნესებს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
შეიძლება ერთი თემაა, რომ რეპუტაციულად რამდენად არის დამაზიანებელი კომპანიებისთვის, მაგრამ მეორე თემაა, რომ თავად შემოსავლების სამსახურს უნდა გააჩნდეს იმის ძალიან მაღალი სტანდარტი, რომ თვითონ გამოიძიოს და შეისწავლოს ეს ფაქტი,”- ამბობს Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.
ამის პარალელურად BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ საგადასახადო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გასაჯაროების ფაქტი საგანგაშოა, რადგან ეს ნიშნავს, რომ პარტიას ბევრ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი და ეს არ არის მხოლოდ ექსპორტ/იმპორტის სტატისტიკა, მათ შორის მისი შეფასებით, სავარაუდოდ პარტიის გავლით პერსონალურ მონაცემებზე წვდომაც შესაძლებელია.
“პარტიას არ შეიძლება ჰქონდეს ეს ინფორმაცია. არ შეიძლება ინფორმაცია ჰქონდეს კონკრეტულ პარლამენტარს, სხვა სამინისტროს, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური ნებართვის ან კონკრეტული შემთხვევების გარეშე. შესაბამისად, ეს ინფორმაცია როგორ მოხვდა სხვადასხვა მედიის ხელში ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, მათ განაცხადეს რომ კონკრეტულმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ მიაწოდა ეს ინფორმაცია, რაც არის ჩემთვის ძალიან მძიმე და შემაშფოთებელი. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული პარტიის თანამშრომლებს, ხელმძღვანელებს თუ ა.შ მიუწვდებათ ხელი ყველა ტიპის ინფორმაციაზე, რაც შეიძლება იყოს კონფიდენციალური,”- აცხადებს BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი.