საპროტესტო აქციებმა და ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა ვითარებამ გავლენა სამუშაო ბაზარზეც იქონია. კომპანიები ახალი თანამშრომლების აყვანისაგან თავს იკავებენ, რადგან უჭირს პროგნოზის გაკეთება და არ იციან დასჭირდებათ თუ არა ახალი თანამშრომლები. HR hub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ბოლო დასაქმების ფორუმში უფრო ნაკლებმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, ვიდრე წინა პერიოდში.
„წინა დასაქმების ფესტივალი გვქონდა ერთი თვის წინ. მაშინ მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი. ახლა თებერვლის დასაწყისში შედარებით ნაკლებმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ორგანიზაციებზე გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესები. მათ არ შეუძლიათ ზუსტი პროგნოზი გააკეთონ როგორი იქნება მომავალი, დასჭირდებათ თუ არა ახალი თანამშრომლები და თავს იკავებენ მათი აყვანისაგან. როცა გაურკვეველია სიტუაცია ყოველთვის ასე ხდება“, – აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
HR hub-ის დამფუძნებელი ამბობს, რომ ბაზარზე სამუშაო ძალის პრობლემა ნარჩუნდება და არსებულ მოთხოვნას მიწოდება ვერ პასუხობს. კვლავ დეფიციტურია ისეთი კადრები, რომლებსაც დასაქმებისთვის არა უმაღლესი, არამედ პროფესიული განათლება სჭირდებათ.
,,ბაზარზე არსებულ მოთხოვნას მიწოდება ვერ პასუხობს. ეს პრობლემა წლების განმავლობაში რჩება. უფრო მეტად მოთხოვნადია ისეთი მიმართულებები, სადაც საჭიროა პროფესიული განათლება. სახელმწიფოს ძალისხმევისა და სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების, (რომლებიც მუშაობენ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით) მიუხედავად, ჯერ კიდევ დაბალია პროფესიული სასწავლებლებისთვის მიმართვიანობა. შესაბამისად, ნაკლები პროფესიონალი გვყავს, ვისაც პროფესიული ცოდნა აქვს“, – აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
HR hub-ის დამფუძნებელი ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მიმართულებად IT სექტორს ასახელებს. თუმცა ამბობს, რომ საჭიროა პროფესიონალი კადრები, რის გამოც დამსაქმებლები სამსახურის მაძიებლებს კვალიფიკაციის ამაღლებას თავის სასწავლო ცენტრებში სთავაზობენ. მოთხოვნადია ასევე მარკეტინგის გუნდში გაყიდვების მენეჯერის პოზიცია.
„ყველაზე მოთხოვნად მიმართულებად ისევ რჩება IT სექტორის სხვადასხვა მიმართულებები, როგორიც არის პროგრამისტები და დეველოპერები. ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები არის მაინც ამ სექტორში. ჩვენ ვხვდებით ანაზღაურებას როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ევროში. რადგან, ზოგი საქართველოდან სხვა ქვეყანაში მუშაობს. ორგანიზაციებს აქვთ შექმნილი ტრენინგ ცენტრები და თვითონ ცდილობენ, რომ გადაამზადონ კადრები. მაღალანაზღაურებადია ასევე გაყიდვების სექტორი, სადაც ასევე ყოველთვის არის მოთხოვნა ისეთ პოზიციებზე, როგორიც არის გაყიდვების მენეჯერი, მონაცემთა ანალიტიკოსი. თავის თავად მოთხოვნა უცვლელია ისეთ პოზიციებზე, სადაც თანამშრომლების გადინება მაღალია. მაგალითად, სუპერმარკეტების ქსელებში დაბალ პოზიციებზე მყოფი და წინა ხაზის თანამშრომელი“, – აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
