კომპანიებს ტექნოლოგიები არ გარდაქმნიან, ამას ადამიანები აკეთებენ

დღეს ყველა კომპანია ცდილობს, ფეხი აუწყოს თანამედროვეობას. არსებობს განცდა, რომ თუ -ს, ავტომატიზაციასა და ახალ ციფრულ პლატფორმებს საკმარისად სწრაფად არ ითვისებ, უკვე ჩამორჩი. ლიდერები მსხვილ ინვესტიციებს დებენ, თანამშრომლები ტრენინგებს გადიან და რამდენიმე კვირის განმავლობაში, ოფისში ენთუზიაზმი იგრძნობა. თუმცა, მალევე ეს მუხტი ქრება. შედეგად, ვიღებთ სურათს, სადაც „დაშბორდები“ უქმად არის, საპილოტე პროექტები ჩერდება, ხოლო ინვესტიციის უკუგება (ROI) არც კი ჩანს ჰორიზონტზე.
მაგალითად, ქარხნის ოპერატორებს ათობით ისეთი ხელსაწყოს გამოყენება უწევთ, რომლებიც ერთმანეთთან სინქრონიზებული არ არის. მენეჯერები დასდევენ მონაცემებს, რომლებიც რეალობას არ ასახავს, ხოლო გუნდები ცდილობენ მოერგონ სისტემებს, რომლებმაც წესით საქმე უნდა გაუმარტივონ, მაგრამ რეალურად პროცესს ანელებენ. ასეთ მომენტებში ნათელი ხდება ერთი რამ: ტრანსფორმაცია მხოლოდ ტექნოლოგიას არ ეხება – ის ადამიანებთან არის მჭიდრო კავშირში.
ტრანსფორმაცია სიცხადით იწყება
ნამდვილი ცვლილება მკაფიო ხედვას მოითხოვს. ხელსაწყოს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მიზანი, ეფუძნებოდეს გაზომვად შედეგებს და რაც მთავარია, მორგებული იყოს იმ ადამიანებზე, ვინც მას იყენებს.
როგორც საწარმოო ს (Squint) ხელმძღვანელები, დიდ დროს ატარებენ ქარხნებში – უშუალოდ წარმოების მენეჯერებთან, ტექნიკურ პერსონალთან და ოპერატორებთან ერთად. თავიანთი თვალით ხედავენ, როგორ შეიძლება ახალმა სისტემამ ან გაამარტივოს მუშაობა, ან ახალი ბარიერები შექმნას. დროთა განმავლობაში, მათ შენიშნეს ტენდენცია: გუნდები პრობლემის გადაჭრას ხშირად იწყებენ ხელსაწყოთი და არა მიზნით. ტექნოლოგიას ნერგავენ იმიტომ, რომ ის შთამბეჭდავად გამოიყურება და არა იმიტომ, რომ წინასწარ განსაზღვრეს, რას ნიშნავს მათთვის წარმატება.
დანერგვის პროცესი ყოველთვის ორ კითხვაზე პასუხით უნდა დაიწყოს: კონკრეტულად რა პრობლემას ვაგვარებთ და როგორ მივხვდებით, რომ ის გადაიჭრა?
სურსათისა და სასმელების მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ ასეთი გონივრული გადაწყვეტილება მიიღო – ახალი სისტემის დანერგვა კომპანიის მთავარ მიზანს, მოცდენის დროის შემცირებას დაუკავშირა. ამ სიცხადემ ყველაფერი შეცვალა. ნაცვლად იმისა, რომ სხვადასხვა დეპარტამენტში ქაოსური საპილოტე პროექტები წამოეწყოთ, ფოკუსი შეფუთვის ზონაში დაუგეგმავი გაჩერებების აღმოფხვრაზე გააკეთეს. შედეგად, ოპერატორებმა და ტექნიკოსებმა სისტემის გამოყენება მალევე აითვისეს, რადგან ხედავდნენ, როგორ ეხმარებოდათ ის მანქანა-დანადგარების გამართულ მუშაობასა და პრობლემების სწრაფ დიაგნოსტიკაში.
ტრანსფორმაცია მოიტანა არა თავად ხელსაწყომ, არამედ სწორმა ფოკუსმა და ადამიანებმა. როცა გუნდმა იმპლემენტაცია ბიზნეს-პრიორიტეტს დაუკავშირა, ათვისების პროცესი ბუნებრივად წარიმართა. ხალხს დარწმუნება არ სჭირდებოდა – ისინი თავად ხედავდნენ ღირებულებას.
ტექნოლოგია ბარიერების წინააღმდეგ
კიდევ ერთი მაგალითი ტექნიკურ გუნდს ეხება, რომელიც დროის ნახევარს ქაღალდის სახელმძღვანელოების შესამოწმებლად ოფისსა და საწარმოო ხაზს შორის სიარულში ხარჯავდა. ტექნოლოგიას არ შეეძლო პრობლემის მოგვარება მანამ, სანამ არ განისაზღვრა, რა უშლიდათ ხელს თანამშრომლებს. როგორც კი საჭირო ინფორმაცია ციფრულად ხელმისაწვდომი გახდა, დიაგნოსტიკის დრო მკვეთრად შემცირდა. გუნდს სურდა ახალი სისტემის გამოყენება, რადგან მან მათთვის რეალური, ხელშესახები პრობლემა მოაგვარა.
თუ ადამიანები ვერ ხედავენ ღირებულებას, ვერანაირი ტრენინგი ან პოლიტიკა ვერ აიძულებთ მათ ახალი ხელსაწყოს ეფექტურად გამოყენებას. მაგრამ როცა ტექნოლოგია ყოველდღიურ ბარიერებს ხსნის, მისი ათვისება ბუნებრივი პროცესი ხდება. სწორედ ეს არის კარგი იმპლემენტაციის არსი – ის აძლევს ადამიანებს საშუალებას, ფოკუსირდნენ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია.
ცოდნის გადაცემა უმნიშვნელოვანესია
წარმატებული დანერგვის ბოლო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ნაწილი ცოდნის გადაცემაა. ნებისმიერ ორგანიზაციაში არიან ექსპერტები, რომელთა გამოცდილებაზეც დგას საქმე, თუმცა ეს ცოდნა ხშირად მხოლოდ მათ თავში არსებობს. როცა ისინი პენსიაზე გადიან ან სამსახურს იცვლიან, ცოდნაც იკარგება. იმპლემენტაცია უნდა ითვალისწინებდეს ამ გამოცდილების გაზიარების გზებს, რათა ორგანიზაციამ სწავლა განაგრძოს. ჩვენ ვნახეთ კომპანიები, რომლებმაც სატრენინგო სისტემები სწორედ გამოცდილ თანამშრომლებზე დააყრდნეს და ათწლეულების მანძილზე დაგროვილი ინდივიდუალური ცოდნა კომპანიის საკუთრებად აქციეს.
სწორედ ამ დროს ტექნოლოგია წყვეტს უბრალო „პროექტად“ ყოფნას და იქცევა კულტურის ნაწილად, რომელიც ვითარდება ადამიანებთან ერთად.
ნათელია, რომ წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ადამიანებზე ორიენტირებული და პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებული მიდგომაა. იმარჯვებენ ის ორგანიზაციები, რომლებიც არა უბრალოდ ყიდულობენ ხელსაწყოებს, არამედ ნერგავენ მათ სტრატეგიულად, არგებენ გაზომვად მიზნებს და, რაც მთავარია – ადამიანებს.
საბოლოო ჯამში, განვითარებული ტექნოლოგია არ ანაცვლებს ადამიანებს – ის აძლიერებს მათ. კომპანიებს კი ტექნოლოგიები არ გარდაქმნიან, ამას ადამიანები აკეთებენ.
წყარო: Fastcompany www.marketer.ge