კომპანიები სუბსიდირების გარეშე ყურძენში დაახლოებით 5 ლარის გადახდას შეძლებენ – „ღვინუკა“ (bm.ge)

კომპანიები სუბსიდირების გარეშე ყურძენში დაახლოებით 5 ლარის გადახდას შეძლებენ – „ღვინუკა“ (bm.ge)
კომპანია „ღვინუკას“ დამფუძნებლის შეფასებით, წელს რაჭაში რთველის სუბსიდირების არსებული მოდელის გაგრძელების მიზეზი რეგიონისთვის დამახასიათებელი სპეციფიკაა. ზურაბ მაისაშვილი სუბსიდირების სქემას არ ემხრობა, თუმცა თვლის, რომ ერთბაშად სუბსიდირებიდან გამოსვლა რაჭის რეგიონისთვის სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით რთული იქნება.
მისი თქმით, სუბსიდირების მექანიზმმა რეგიონში არაჯანსაღი მოტივაციები გააჩინა, თუმცა სქემიდან გამოსვლა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რადგან ეს ყურძნის ფასის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს. „დაახლოებით 5 ლარის ფარგლებში იქნება ის თანხა, რასაც ღვინის კომპანიები შეძლებენ გადაიხადონ სუბსიდირების გარეშე“,-განაცხადა ზურაბ მაისაშვილმა „საქმის კურსში“ სტუმრობისას.
როგორც ცნობილია, წელს რთველის სუბსიდირების მოდელი კახეთის შემთხვევაში შეიცვალა და სახელმწიფო კომპანიებზე სუბსიდიას აღარ გასცემს, ჭარბ ყურძენს კი მოსავლის მართვის კომპანია იბარებს. რაჭაში კი არსებული სქემა შენარჩუნდა და წელსაც სუბსიდიას მიიღებს ყველა ის ღვინის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და ამაში კომპანიები მევენახეს არა ნაკლებ 8 ლარს გადაუხდიან. სახელმწიფო სუბსიდია 4 ლარის ოდენობით გაიცემა.
„რადიკალური განსხვავებაა ვენახის ფართობებსა და ყურძნის მოსავალს შორის ამ ორ რეგიონში. რაჭაში წლიურად საშუალოდ 2000-2 500 ტონამდე ყურძენი მოდის, როცა კახეთში დღიური მოსავლიანობაა. ასევე 1000-1 200 ჰა-მდეა ვენახების ფართობები რაჭაში. თუ ამას გადავიანგარიშებთ სუბსიდიის თანხაზე, ჯამურად არ გამოდის დიდი თანხა ბიუჯეტისთვის, იმ დონის თანხის დახარჯვა არ უწევს მთავრობას რაჭაში, რაც კახეთის შემთხვევაში.
მეორეს მხრივ სუბსიდირებას არამარტო ის ეფექტი აქვს, რომ განავითაროს ეკონომიკურად მეღვინეობის დარგი, სოციალური ეფექტიც გააჩნია. რაჭა უმუშევრობის მაღალი დონის მქონე რეგიონია, თუ სახელმწიფო ხისტად გამოვიდოდა დაფინანსების მოდელიდან, ეს ეკონომიკურად და სოციალურად რთულად აისახებოდა ფერმერზე. ამ მიზეზის გამო იქნა ალბათ მიღებული გადაწყვეტილება, რომ რაჭაში დაფინანსების მოდელი დარჩა იგივე.
რთველის სუბსიდირება რაჭის რეგიონში დაიწყო 2013 წლიდან, როცა რუსული ბაზარი გაიხსნა. შედეგად, ადგილობრივ მევენახეებს გაუჩნდათ მოტივაცია, რომ გაეშენებინათ ვაზის ჯიშები ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ხარისხობრივი მაჩვენებლის ყურძენი ვერ მოდის როგორიც არის საჭირო იგივე სახვანჭკარე მასალისთვის. აქედან გამომდინარე მას ჰქონდა ისეთი ნეგატიური ეფექტი, რომ არაჯანსაღ მოტივაციები გააჩინა, ასევე რაღაც დონეზე არასამართლიანია, რადგან თუ ვარ კეთილსინდისიერი მევენახე, ვუვლი ვაზს, მეც და იმ მევენახეს, რომელიც არ უვლის ვენახს და ვერ იღებს მაღალი ხარისხის კონდიციის ყურძენს, გვაქვს ერთნაირი დაფინანსება, რაც ეს კლავს მაღალი ხარისხის ყურძნის წარმოების მოტივაციას.
კონკრეტული ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ დაახლოებით 5 ლარის ფარგლებში იქნება ის თანხა, რასაც ღვინის კომპანიები დამოუკიდებლად შეძლებენ გადაიხადონ სუბსიდირების გარეშე”,-განაცხადა მაისაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში.
bm.ge