კომპანიები თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე დამატებით ხარჯებად აღიქვამენ – თამთა უგულავა, HR

,, მენეჯმენტის გამოწვევაა ის, რომ თანამშრომელი სტრესისგან ნაკლებად იყოს დაღლილი, რათა შედეგებზე გასვლას უფრო ეფექტიანად ახდენდეს”,- ამის შესახებ კარიერულმა კონსულტანტმა და HR პროფესიონალმა, თამთა უგულავამ რადიო “კომერსანტის” ეთერში ისაუბრა.
მისივე შეფასებით, ბიზნესის მდგრადობა და ეფექტიანობა პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად ახერხებს კომპანია თანამშრომელთა სტრესის მართვასა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
“ერთ-ერთი გამოწვევა, რატომაა საჭირო თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაგეგმარება, არის ის, რომ ზოგადად, ცხოვრების, სამუშაოზე ორიენტაციის, სამუშაოს შესრულების მიმართულებით ტემპი ძალიან გაიზარდა, პროცესები დინამიკურია. არის არაერთი გამოწვევაც: ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე ორიენტირება ადამიანს, ხშირ შემთხვევაში, სტრესს უქმნის. სწორედ მენეჯმენტის გამოწვევაა ის, რომ თანამშრომელი სტრესისგან ნაკლებად იყოს დაღლილი, რათა შედეგებზე გასვლას უფრო ეფექტიანად ახდენდეს. კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებში უნდა იყოს გარემო, სადაც თანამშრომლობა არ არის მხოლოდ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ურთიერთობა. გუნდურობა გამოწვევებზე ხმამაღლა საუბარსაც ნიშნავს. ორგანიზაციებში უნდა იყოს ისეთი მენტალური და კორპორაციული გარემო, სადაც თანამშრომელს თავისუფლად შეუძლია, თქვას, რომ გადაღლილია, სტრესი აქვს, ან კონკრეტული დავალების შესრულებას დედლაინის ფარგლებში ვერ ახერხებს. ამის აღიარებით იწყება სწორედ ის, რომ თანამშრომელი ხდება თავისუფალი და ამის აღიარებით იწყება გამოსავლის ძიებაც. კომპანიები უნდა აცნობიერებდნენ, რომ წარმატება, ბიზნესის მდგრადობა თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე გადის. ეიჩარებისა და პერსონალის მართვის საკითხებზე მომუშავე ადამიანების როლი და გამოწვევაა, მენეჯმენტი დაარწმუნონ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ, კომპანიები ხშირად ამას დამატებით ხარჯებად აღიქვამენ, არ აქვთ განსაზღვრული გეგმაში ან მართებულად არ მიაჩნიათ ამ საკითხზე დროისა და რესურსების ხარჯვა”,- აღნიშნა უგულავამ.