მშენებლობისა და ინჟინერიის დუო-ს (დარგობრივი უნარების ორგანიზაცია) აქტიური ჩართულობით, კომპანია RC Construction-სა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას შორის პარტნიორობა ჩამოყალიბდა.
როგორც დუალური პროგრამის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია, RC Construction საწარმოს ბაზაზე უზრუნველყოფს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის რკინაბეტონის სამუშაოების შემსრულებლის პროფესიული პროგრამის სტუდენტების პრაქტიკულ სწავლებას. ამ პროცესში, კომპანიას მინიჭებული აქვს სასწავლო საწარმოს სტატუსი.
ვაჟა ფანჩულიძე, კომპანია RC Construction-ის დირექტორი: “დღეს დასაქმების ბაზარზე საგრძნობი საკადრო დეფიციტია, განსაკუთრებით კი – კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, RC Construction დაარსების დღიდან განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საკუთარ გუნდში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის უწყვეტ განვითარებას, ასევე ახალგაზრდა, დამწყები პროფესიონალების მოზიდვასა და მათ სისტემურ გადამზადებას.
ამ მიზნის მისაღწევად, მშენებლობისა და ინჟინერიის დუო-ს მხარდაჭერით, კომპანიამ თანამშრომლობა დაიწყო ბიზნესის და ტექნოლოგიების აკადემიასთან და აქტიურად ჩაერთო ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ აღზრდაში. დუო-ს მიერ შერჩეული სტუდენტები ჩვენს მიმდინარე პროექტებზე გადიან პრაქტიკულ სწავლებას, სადაც რეალურ სამუშაო გარემოში მიღებული გამოცდილებით მნიშვნელოვნად იღრმავებენ პროფესიულ ცოდნას.
ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მათი პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, ხოლო სწავლების თეორიულ ნაწილზე სრულად ზრუნავს აკადემია. ამ თანამშრომლობის შედეგად, პროექტის დასრულების შემდეგ, ვიღებთ კვალიფიციურ, პრაქტიკულად მომზადებულ კადრებს, რომლებიც სრულად პასუხობენ თანამედროვე სამშენებლო სფეროს მოთხოვნებს.”
“გვახარებს, რომ კომპანია RC Construction გახდა სამშენებლო სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებით პროფესიული პროგრამის პარტნიორი კომპანია და მოიპოვა სასწავლო საწარმოს სტატუსი. ეს ადასტურებს კომპანიის მოტივაციას, ჩაერთოს კომპეტენტური სპეციალისტების აღზრდაში, პრაქტიკული სწავლების გზით. აღსანიშნავია, რომ პროგრამა დუალური მიდგომით ხორციელდება, კომპანია RC Construction სხვა საწარმოებთან ერთად მონაწილეობს სტუდენტების პრაქტიკული სწავლების პროცესში. ეს აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორმა მეტი ინვესტიცია ჩადოს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების პროცესში, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურად აისახება მთლიან ინდუსტრიაზეც” – ამბობს ლილე შალიკიანი, მშენებლობისა და ინჟინერიის დუო-ს მენეჯერის (ICCA-ს პროფესიული განვითარების გუნდის მენეჯერი).
დაარსების დღიდანვე, მშენებლობის და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია ზრუნავს ბიზნეს სექტორისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებაზე, იმისათვის, რომ სამშენებლო ინდუსტრიაში არსებული კადრების დეფიციტი აღმოიფხვრას.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია ავრცელებს




