ცნობილი კინოკომპანია Lionsgate საკუთარ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს. ის პირველი ჰოლივუდური სტუდიაა, რომელმაც ტექკომპანია Runway-სთან ხელშეკრულება გააფორმა და ნება დართო, მისი წარმოებული ფილმები ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელის გასაწვრთნელად გამოიყენონ. Lionsgate-ის პორტფოლიოში კი 20 ათასზე მეტი დასახელების ფილმს შეხვდებით, მათ შორის, ისეთ ცნობილ ფრენჩაიზებს, როგორიც შიმშილის თამაშებია.
Runway, რომელიც “ხელოვნებისა და შემოქმედებითობის ახალ ერას” გვპირდება, კინოკომპანიისთვის შექმნის ინოვაციურ AI მოდელს. ეს მოდელი Lionsgate-ისთვის დააგენერირებს “კინემატოგრაფიულ ვიდეოს”, რომელსაც რეჟისორები და შემოქმედებითი გუნდები საკუთარი ნამუშევრის “დასახვეწად” გამოიყენებენ. სტუდიის ვიცე-მდივანი მაიკლ ბერნსი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი მათ მილიონობით დოლარის დაზოგვაში დაეხმარება. ბევრ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვიღებთ და უამრავი რამის აფეთქება გვიწევს, ამ საქმეს კი Runway გადაიბარებსო, ამატებს ბერნსი. მისი თქმით, რამდენიმე რეჟისორი სიახლით უკვე მოხარულია.
ნიუ-იორკში დაფუძნებული Runway-ის ინვესტორებს შორის ისეთ ცნობილ ტექგიგანტებს აღმოაჩენთ, როგორებიცაა გუგლი და Nvidia. კომპანიის დირექტორი კრისტობალ ვალენსუელა ამბობს, რომ ისინი “ხელოვანებსა და სტუდიებს საუკეთესო და ძლიერი ინსტრუმენტებით ამარაგებენ სამუშაო პროცესის დასახვეწად და ეკრანზე ამბების ახლებურად გასაცოცხლებლად”. ხელოვნების ისტორია ტექნოლოგიების ისტორიაცაა, საუკეთესო ამბები კი ჯერ ისევ მოსაყოლიაო, ამატებს ვალენსუელა.
თუმცა, ზოგიერთი ხელოვანი ვალენსუელას ალბათ არ დაეთანხმებოდა. ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი გამოიწვია. მაგალითად, წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა შარშან Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით შეშფოთებულები არიან ცნობილი მწერლებიც. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, გასულ წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ. მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
ასევე იხილეთ:
· ხელოვნური ინტელექტის მომავალი — როგორ შეცვლის AI თანამედროვე სამყაროს?
· საზოგადოება ჯივიპი გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს ჯივიპი გახოკიძის ქუჩის მასშტაბური რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს
· გადახედვა საზოგადოება ტრანსფობიას შეწირული ადამიანები — მექსიკელმა მხატვარმა ინსტალაცია გამოფინა ტრანსფობიას შეწირული ადამიანები — მექსიკელმა მხატვარმა ინსტალაცია გამოფინა
· საზოგადოება ამ ტიპის ღონისძიებები ცოდნის გაზიარების საუკეთესო გზაა — აგრონომიის სტუდენტი ბაიარენაზე ამ ტიპის ღონისძიებები ცოდნის გაზიარების საუკეთესო გზაა — აგრონომიის სტუდენტი ბაიარენაზე
· გადახედვა მსოფლიო გერმანია უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ 50 მილიონ ევროს გამოყოფს გერმანია უკრაინელი ჯარისკაცების სამკურნალოდ 50 მილიონ ევროს გამოყოფს
· გადახედვა პოლიტიკა საბა ბუაძე: ჩვენს კოალიციაში შეთანხმების პრინციპული წინააღმდეგობა არავის არ აქვს საბა ბუაძე: ჩვენს კოალიციაში შეთანხმების პრინციპული წინააღმდეგობა არავის არ აქვს