კომპანია ჭიათურაში წარმოების აღსადგენად მაღაროელებს ულტიმატუმს უყენებს

„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი კომპანიის, CMC-ის განცხადებით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია დაიგეგმა, რასაც მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. საამისოდ კი კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მიხეილ სოცკი ს მოქალაქეა და ის ტყიბულის საწარმო „საქნახშირის“ გენერალური დირექტორია. ე.წ. სამმხრივი კომისია, რომელმაც, კომპანიის თქმით, აირჩია სოცკი, მაღაროელების მხრიდან ნდობით არ სარგებლობს. კომისია მოიცავს ხელისუფლების, პროფკავშირებისა და კომპანიის წარმომადგენლებს.
CMC ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა და სასამართლოს გაკოტრების განცხადებითაც მიმართა. CMC ახალი განცხადებით ულტიმატუმს აყენებს და პიკეტირების მოხსნას ითხოვს.
„კომპანიის პოზიცია უცვლელია – პიკეტირების პირობებში წარმოების აღდგენა შეუძლებელია. კომპანია გადაჭრით აცხადებს: ჭიათურაში სამთო წარმოება ან გაიხსნება ახალ წესებზე დაფუძნებული მოდელით – ან საერთოდ ვერ აღდგება. ამ პროცესის დაწყება შეუძლებელია მაღაროების ბლოკირების პირობებში“, — წერია CMC-ის ახალ განცხადებაში, რომელიც გუშინ გაავრცელეს.
სოფელ შუქრუთში, სადაც წელიწადზე მეტია ადგილობრივებს პიკეტირებული აქვთ მაღარო, მაღაროელები კომპანიის ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
„ამ რუს ოლიგარქს მიხეილ სოცკის, უნდა ისეთი მონათმფლობელური მეთოდებით აქაც მუშაობის დაწყება და აღდგენა, როგორიც დაამყარა პაატა მოდებაძესთან ერთად ტყიბულში. გაათავისუფლეს ადამიანები სამსახურიდან და არც მალავენ, რომ აქაც ასე აპირებენ. […] მინდა მივმართო ბატონ პრემიერმინისტრს, ეგრეთ წოდებულს, გუშინ გვითხრა პაატა მოდებაძემ, ეგ ვინ არისო, მე ვწყვეტ ყველაფერს ტყიბულშიც და ჭიათურაშიცო. მივმართავ ირაკლი ს, თუ ეშინია, ხმამაღლა ვერ საუბრობს და ვინმე ზეწოლას ახდენს, გამოვიდეს, მოვიდეს ჩვენთან, მშრომელ, პატიოსან ადამიანებთან, მაგასავით არ მოვექცევით“, — ამბობს შუქრუთელი გიორგი ნეფარიძე.
ტყიბულის შახტების ინვესტორმა კომპანიამ „საქნახშირმა“, რომელსაც სოცკი ხელმძღვანელობს, 2024 წლის ნოემბერში, გამოცხადებული რეორგანიზაციის ფარგლებში ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა. გათავისუფლებულები ამას პოლიტიკური მოტივებით ხსნიდნენ.
წარმოების აღდგენას ინვესტორები ჭიათურაში ასევე რეორგანიზაციის ფარგლებში აანონსებენ.
„ახალმა ხელმძღვანელმა უკვე გამართა გაცნობითი სამუშაო შეხვედრა ჭიათურის საწარმოების მენეჯერებთან.
შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოების აღდგენა განხორციელდება მხოლოდ რეორგანიზაციის პირობებში. ეს ნიშნავს, რომ ცვლილებები შეეხება ყველა რგოლს, როგორც ტექნიკურ პერსონალს, ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს. სწორედ ეს არის ერთადერთი გზა მომგებიანი, სტაბილური და უსაფრთხო ოპერირების დასაბრუნებლად. ყველა თანამშრომელი დეტალურად ინფორმირებული იქნება დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და მათთან კომუნიკაცია გამჭვირვალედ და ეტაპობრივად წარიმართება. ამავე დროს, რეორგანიზაციის პარალელურად, დაიწყება დახურული მაღაროების ტექნიკური ინსპექტირება. თითოეული მაღაროს შესწავლის შემდეგ დაიწყება აღდგენა – გადამაგრებითი სამუშაოები“, — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
23 აპრილი ჭიათურელების უწყვეტი პროტესტის 55-ე დღეა. გუშინ, 22 აპრილს, ჭიათურელების თქმით, მათთან მივიდა მათთვის უცხო პიროვნება, პაატა მოდებაძე, ახალი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც მუქარის ტონით მუშაობისკენ მოუწოდა, უთხრა, რომ ტყიბულის მაღაროსთან დაკავშირებული საკითხები სწორედ მან მოაგვარა და ახლა ჭიათურასაც მოაგვარებდა. მანვე უთხრა მაღაროელებს, რომლებიც ურყევად ითხოვენ სახელმწიფოს ჩართვას კერძო კომპანიებსა და მაღაროელებს შორის შექმნილ კრიზისში, რომ სახელმწიფოს არაფერი ესაქმება მაღაროსთან, რადგან ყველაფერი გაყიდულია. ჭიათურელების თქმით, იგი უპრობლემოდ შედის და გამოდის მერიის შენობაში და მათთვის გაუგებარია, ხელისუფლებამ მიუგზავნა ეს ადამიანი თუ მათ გარეშე მოქმედებს.
უწყვეტი საპროტესტო აქციები ჭიათურაში მიმდინარეობს. თუმცა, მაღაროელები რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში იყვნენ და აქციები გამართეს მთავრობის კანცელარიასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან.
დღეს შუქრუთელმა გიორგი ნეფარიძემ, სთან ერთად, მიმართა ბიძინა ივანიშვილსაც და მოუწოდა, რომ ჩავიდნენ, შეხვდნენ ადგილობრივებს და რეალურად იზრუნონ კრიზისის მოგვარებაზე და არა ისე, როგორც ეს, მისი თქმით, აქამდე ხდებოდა — როცა მედიატორს გამოყოფდა ხელისუფლება, დაპირებებით დროებით გააჩუმებდა მაღაროელებს და შემდეგ ისევ იგნორირებას უწევდა მათ და მათ პრობლემებს.
2025 წლის იანვარში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ ანაზღაურებაზე გადაიყვანა. თუმცა მაღაროელები ამ ხელფასსაც ვერ იღებენ — 60%-იან ანაზღაურებას, რისი გადახდის ვალდებულებაც კომპანიას დაეკისრა მუშაობის პროცესის შეჩერების შემდეგ. მაღაროელების ინფორმაციით, საქმე ეხება 5000 თანამშრომელს, რომელთაგან 3000-ზე მეტი ჭიათურაში მუშაობს.
7 მარტს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა და ღია კარიერული წესით მანგანუმს მოიპოვებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გაკოტრების განცხადებით მიმართა.
ჭიათურელებს რამდენიმე მსხვილი მოთხოვნა აქვთ, რაც, მათივე თქმით, შემდგომ დეტალურ განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს:
· შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები;
· გავიდეს ინვესტორი და სახელმწიფომ გადაიბაროს ჭიათურაში პასუხისმგებლობა სამთო წარმოებაზე;
· როდესაც აღდგება მუშაობა, მადნის ექსპორტიდან შემოსული თანხის 5% ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც ჭიათურელი ბავშვებისა და მოზარდებისთვის იქნება განკუთვნილი;
· ჭიათურასა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დაინიშნოს უფასო ტრანსპორტი;
· მიეხედოს ქალაქის ეკოლოგიას, განსაკუთრებით ღია კარიერულ მოპოვებას;
· გაიყინოს ბანკის სესხები მუშაობის აღდგენამდე.
ამავე თემაზე:
· „თქვენი დამთავრებაც შეგვიძლია“ — ჭიათურელი მაღაროელები ხელისუფლებას მიმართავენ