კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი „რძის სკანდალსა“ და „ყვარლის ბაგასთან“ დავაზე – საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ქრთამის სუნი უდიოდა – სააპელაციო სასამართლოში საბრძოლველად ვარ განწყობილი, ჩვენ არ დაგვირღვევია კანონმდებლობა

საბრძოლველად ვარ განწყობილი – ჩემი მოლოდინი არის ის, რომ კომპანია „ჩირინას“ არ დაურღვევია არც საქართველოს კანონმდებლობა, არც კომპანიასთან ჩვენი ხელშეკრულებები, – ამის შესახებ „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვაშაკიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მას თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან დადებითი მოლოდინები აქვს.
„საბრძოლველად ვარ განწყობილი. ჩემი მოლოდინი არის ის, რომ კომპანია „ჩირინას“ არ დაურღვევია არც საქართველოს კანონმდებლობა, არც კომპანიასთან ჩვენი ხელშეკრულებები და მე დადებითად ვარ განწყობილი. ჩემი აზრით, სააპელაციო სასამართლო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანი იყო. მე ბიოლოგი ვარ და სპეციალურად დავდიოდი პროცესებზე, რომ მოსამართლისთვის ის ნიუანსები ამეხსნა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებული იყო. მე ჩავთვალე, რომ მოსამართლეს ავუხსენი, მაგრამ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
[თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე] კარგს არაფერს ვფიქრობ, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული. ჩვენ მოვითხოვთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული. თუ [უარყოფითი] გადაწყვეტილება იქნება, ამ პროცესს ქვეყნის გარეთ გავაგრძელებთ.
მე დღემდე ვთვლი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სადამსჯელო არ იყო, [მაგრამ] ვთვლი, რომ იმ გადაწყვეტილებას ქრთამის სუნი უდიოდა. რასაკვირველია, მე ამის მტკიცება არ შემიძლია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მოსამართლემ რატომ მიიღო, ჩემთვის გაუგებარია. ქრთამის სუნში ვგულისხმობ იმას, რომ ან თანხა იყო შეპირებული ან რაღაც…
პროკურატურაში განცხადება შევიტანე, რომ [თბილისის საქალაქო სასამართლოს] მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონის გარეშე იყო მიღებული, მაგრამ პროკურატურამ ეს განცხადება არ მიიღო“, – განაცხადა „ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ.
ამასთან, ადვოკატის, გიორგი გეწაძის განცხადებით, დიდი იმედი აქვთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო შეცვლის. მისივე თქმით, საქმეში არის უამრავი სხვადასხვა დარღვევა.
„დიდი იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო, ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, იმიტომ, რომ გადაწყვეტილება თავისი არსით არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და საშიში პრეცედენტიც კი იმიტომ, რომ ჩვენს კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრა, იმ პირობებში, როცა ჩვენ არც ხელშეკრულება დაგვირღვევია და არც კანონის რაიმე ნორმა. უფრო მეტიც, კანონმდებლობის დაცვა მოცემულ შემთხვევაში „ყვარლის ბაგას“ ევალებოდა, როგორც ცხოველის საკვების მწარმოებელ ოპერატორს. მას გააჩნდა მთელი რიგი ვალდებულებისა, რომელიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, რომელიც მან უგულებელყო და ახლა ჩვენზე უნდა პასუხისმგებლობის გადმოტანა. გარდა ამისა, საქმეში არის უამრავი სხვადასხვა დარღვევა“, – განაცხადა გიორგი გეწაძემ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც „ყვარლის ბაგა“ მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა აკრძალული ვეტ-პრეპარატი „ტეტრაციკლინი“, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და „ყვარლის ბაგა“ თავად იყენებს.
კომპანია „ჩირინა“ უარყოფს ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა.
გასული წლის დეკემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ გამარჯვებულად ცნო და „ჩირინას“ 4.7 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.