კომპანია ქოხი.ჯი ინდუსტრიულ მშენებლობაშიც შედის და ბიზნესისთვის ხის შენობა-ნაგებობების მშენებლობას იწყებს

ქოხი.ჯის სახლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ტურისტული დანიშნულების მიმართულებითაც – ამის შესახებ „კომერსანტს“ ხის სახლების მწარმოებელი კომპანიის ქოხი.ჯი-ს დირექტორმა, მალხაზ უგრეხელიძემ უთხრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს, ქოხი.ჯიმ მუშაობა ინდუსტრიული მიმართულებითაც დაიწყო და ბიზნესისთვის სამუშაო სივრცესაც აშენებს. უგრეხელიძე ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ინდივიდუალური მომხმარებლის, ასევე ბიზნესისგან ქოხი.ჯის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია.
„მიმდინარე წელს ჩვენი მთავარი სიახლე არის ის, რომ ქოხი.ჯი ინდუსტრიული ობიექტების მშენებლობაში შევიდა და პირველი არასაცხოვრებელი 400 კვ.მ ფართის მქონე ხის შენობა ააშენა, ეს არის სამედიცინო დანიშნულების ლაბორატორია და არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი შენობა-ნაგებობა გავაკეთეთ, მნიშვნელოვანი სიახლეა და სამომავლოდ ვაპირებთ, რომ მსგავსი ტიპის ნაგებობები ბიზნესს შევთავაზოთ.
ჩვენ ობიექტების მშენებლობის დროს სართულიანობაში შეზღუდულები არ ვართ, შეგვიძლია ავაშენოთ სამ სართულიანიც, ასევე შეგვიძლია საკმაოდ დიდი შენობა-ნაგებობის მშენებლობა. ჩვენი მთავარი უპირატესობა ბაზარზე არის ის, რომ ჩვენ მიერ აშენებულ ობიექტებს გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება ვიდრე სტანდარტულ შენობას, გამორიცხულია სტანდარტული შენობის მშენებლობა იგივე დროში ჩაეტიოს,რა დროშიც ჩვენ ვეტევით და ჩვენი პროექტები არაფრით არ ჩამოუვარდება სტანდარტულ შენობას და შეიძლება უკეთესიც იყოს. შეგვიძლია 2-3 თვეში უკვე მეპატრონეს გასაღები ჩავაბაროთ.
ჩვენ ვაშენებთ როგორც საცხოვრებელს 50-60 კვ.მ კოტეჯებს, ასევე ასევე ვაშენებთ ობიექტებს ბიზნესისთვისაც, იქნება ეს მაღაზია, ოფისი, თუ სხვა უფრო რთული კონსტრუქციის მშენებლობა“ – აღნიშნა მალხაზ უგრეხელიძემ.
რაც შეეხება საცხოვრებელ სახლებს, მალხაზ უგრეხელიძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა იზრდება, თუმცა როგორც ის განმარტავს წინა პერიოდთან შედარებით ახლა მეტი ყურადღება ექცევა პრემიუმ სახლებს.
„მაგალითად თუ ჩვენთან 1 კვ. სტანდარტული მშენებლობა 500 დოლარი ჯდება, ჩვენი მომხმარებელი უკვე მზად არის, რომ გადაიხადოს 700 დოლარი და გვთხოვოს, რომ გამოვიყენოთ პრემიუმ მასალა. ასევე კერძო სახლების მიმართულებით აღსანიშნავია ისიც, რომ წინა პერიოდთან შედარებით მომხმარებლის მხრიდან ახლა უფრო დიდ 100 კვადრატულზე მეტი ფართის მქონე სხვადასხვა ფუნქციონალით დატვირთულ სახლებზეა მოთხოვნა.
რაც შეეხება სტანდარტებს, ჩვენ ვცდილობთ რომ გადავიდეთ ევროპულ სტანდარტზე, დღესდღეობით საქართველოში ხის სახლების მშენებლობაზე ევროპული სტანდარტი კანონის დონეზე არ არის დამკვიდრებული, თუმცა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი ბიზნესი ვცდილობთ, რომ ეს სტანდარტები ავიღოთ ჩვენზე უფრო გამოცდილი ქვეყნებიდან. ვცდილობთ, რომ თბოიზოლაცია, ტექნოლოგია, დათბუნება, კედლის შემადგენლობა, ხის გამოშრობა და ა.შ. მინიმუმ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული გვქონდეს.“ – აღნიშნა მალხაზ უგრეხელიძემ.
უგრეხელიძე ამბობს, რომ საქართველოში არ არსებობს რეგიონი, სადაც ქოხი.ჯი წარმოდგენილი არ არის, თუმცა დიდი მოთხოვნა თბილისის შემოგარენიდან – კოჯრიდან, ტაბახმელადან, საგურამოდან არის. მისივე თქმით ადამიანები სახლებს უკვეთენ, როგორც ტურისტული, ასევე მუდმივი საცხოვრებლის დანიშნულებით.
„რაც შეეხება რეგიონებს, ძირითადი მოთხოვნა ტურისტულად დატვირთული რეგიონებიდანაა, მაგალითად რაჭა, აჭარა და კახეთია ძალიან აქტიურია.
ბოლო დროს ბაზარზე ბევრი პატარ-პატარა კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს მსგავსი ტიპის მომსახურებას სთავაზობს, თუმცა ჩვენ ყველაზე დიდი ხანია, რაც ბაზარზე ვართ და ჩვენი მიზანია, რომ მომხმარებელს ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ, რომ ეჭვი არ გაუჩნდეს იმაში, ხომ არ აჯობებდა, რომ რკინა-ბეტონის შენობა დაედგა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხარისხით დავამტკიცოთ, რომ ხის სახლი ისეთივე კაპიტალური ნაგებობაა, როგორც სტანდარტული და არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა სახლებს, ჩვენი მომავალი წლის გათვლაც ამაზეა, მაგალითად ევროპაში ვინც ხის სახლებს აშენებს, ის შესაძლოა მეტსაც იხდის, თუმცა ამას გააზრებულად აკეთებს, რადგან ფიქრობს, რომ ეკოლოგია მნიშვნელოვანია. ჩვენთან ჯერ ეს მომენტი არ დამდგარა, თუმცა აუცილებლად დადგება.
მაგალითად ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში და ევროპის ბევრ ქვეყანაში ძალიან გავრცელებულია ეს კულტურა და ბევრი ადამიანი ხის სახლში ცხოვრობს, საქართველოშიც იქნებ როდისმე დაბრუნდეს ეს კულტურა, მით უმეტეს ჩვენ ამის ტრადიცია გვაქვს, აჭარაში დღემდე ასწლოვან ოდა სახლებში ცხოვრობენ ადამიანები.“ – აღნიშნა მალხაზ უგრეხელიძემ.
უგრეხელიძის თქმით, კომპანიის კონკურენტული უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მას აქტიურად შეუძლია კადრების გადამზადება
„ზოგადად ქვეყანაში კადრების პრობლემა დგას, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ კადრები სწრაფად და ხარისხიანად გადავამზადოთ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობაც ზუსტად ამაში მდგომარეობს. სხვა კომპანიებში ეს პრობლემად ბევრად მწვავედ დგას“ – აღნიშნა მალხაზ უგრეხელიძემ.