ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია „ნიკოლოს“ პროდუქცია იაპონიაში იყიდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა ნინი სუხიტაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, „ნიკოლოს“ პროდუქციის მიმართ იაპონელების მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესი გამოვლინდა.
“საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და საექსპორტო ბაზრების ათვისება 2023 წლიდან დავიწყეთ. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, პირველი გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ, მილანში გაიმართა. მას შემდეგ აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობას ყოველწლიურად ვიღებთ.
გარდა ევროპისა, ყოველ წელს ვმონაწილეობთ შანხაიში china international import expo-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა ამ არეალში. წელს, ასევე წარმოდგენილები ვიყავით „ინდივიდუალური ექსპო გრანტი“-ს ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, იაპონიაში, ტოკიოში გამართულ შოურუმში. “ნიკოლოს” ჩანთების კოლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია იაპონელ მომხმარებლებში და ამიტომაც ჩვენი პროდუქციის გაყიდვებს ადგილობრივ ბაზარზე ერთ-ერთი სააგენტო აგრძელებს”, – აცხადებს ნინი სუხიტაშვილი.
მისივე თქმით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ამ ეტაპზე ესპანეთის ბაზარზეც იყიდება და იგეგმება ახალი ბაზრების ათვისება და განვითარება.
“გვინდა, რომ ქართული ბრენდი საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტი გახდეს. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურ ძალისხმევას ვდებთ, რომ “ნიკოლომ” როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე წარმატებულად დაიმკვიდროს თავი. ამ ეტაპზე ექსპორტზე ჩვენი პროდუქციის, დაახლოებით, 15% იყიდება, დანარჩენი კი, ადგილობრივ ბაზარზე – როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ მაღაზიებში”, – აცხადებს ნინი სუხიტაშვილი.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს – როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და შესაბამისად, “ნიკოლო” სამომავლოდ ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს.
“ჩემი და ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებისთვის ყოველდღიური თავდაჯერებულობის გარანტირებული საფუძველი შევქმნათ, ამიტომაც თავს არ ვზოგავთ, რომ გავიზარდოთ, გავფართოვდეთ და საქართველო ამაყად მოვნიშნოთ ტყავის ინდუსტრიის მსოფლიო რუკაზე”, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ტყავის აქსესუარების მწარმოებელი ქართული კომპანია „ნიკოლომ“ ქართულ ბაზარზე ოპერირება 2017 წელს დაიწყო. კომპანიის საწარმო თბილისში მდებარეობს და ამჟამად, სხვადასხვა მოლში 7 ბრენდულ კუნძულს ფლობს. მათ შორის, 5-ს თბილისში, 1-ს ქუთაისში, ხოლო 1-ს ბათუმში. კომპანია წარმოებისთვის როგორც ქართულ, ისე იმპორტირებულ ტყავს იყენებენ.
