„კომპანიას არასდროს არავისთან ჰქონია რაიმე სახის გარიგება“ – „ავერსს“ და „პეესპეს“ კონკურენციის სააგენტოსთან დავის მოგების იმედი აქვთ

„ავერსი ფარმასა“ და “პეესპე ფარმაში” აქვთ მოლოდინი, რომ კონკურენციისა და და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით დავა კომპანიების სასარგებლოდ დასრულდება. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების ინდივიდუალურ ფინანსური და მმართველობის 2023 წლის ანგარიშგებებშია აღნიშნული.
„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო დააჯარიმა. საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს. სააგენტოს გადაწყვეტილებით, 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას,” – წერია ორივე დოკუმენტში.
ამასთან, შპს ავერსის განცხადებით, მასზე დაკისრებული ჯარიმა შეადგენს 14 მილიონ ლარს, “პსპ”-ზე კი – 17 მილიონს.
ორივე კომპანია აცხადებს, რომ “კატეგიორიულად არ ეთანხმებიან კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნას, რადგან მათ არასდროს არავისთან არ ჰქონიათ რაიმე სახის გარიგება, “მით უმეტეს ფასებზე”. მათივე განცხადებით, მათ სრულად წარადგინეს მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას.
“კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. კომპანია გამოიყენებს ყველა იურიდიულ ბერკეტს, მათ შორის სასამართლოს, ჯარიმის გასაჩივრებისთვის.
ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა იურისტების და შესაბამისი სფეროს სპეციალისტების მოსაზრება და მიაჩნია რომ უფრო მოსალოდნელია დავის დასრულება კომპანიის სასარგებლოდ ვიდრე პირიქით. წარსული პრაქტიკის ნაკლებობის გამო დავის შედეგების საიმედოდ შეფასება არ არის შესაძლებელი,”- ნათქვამია ორი კომპანიის დოკუმენტებში.
შეგახსენებთ: 2023 წლის 29 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. სააგენტო ამ კომპანიების მიერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების დაწესების საკითხს 9 თვის განმავლობაში იკვლევდა.
სააგენტოს განმარტებით, დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში 4 კომპანიის – ავერსის, გეფას, პსპ-სა და მერმისის მხრიდან ადგილი ჰქონდა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების შეთანხმებულ დადგენას და ფასების ფიქსაციას. “გეფაზე” დაკისრებული ჯარიმა 20 მილიონს შეადგენს.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საუბარიაა 42 მედიკამენტზე. უწყების ცნობით, კომპანიების მიერ სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები ერთმანეთს 1 თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა.
როგორც ცნობილია, ოთხივე კომპანია კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.
jandacva.ge