“ქართული ოცნება” მედიის შემზღუდავი კანონების “ეფექტიანად აღსრულების” საბაბით ახალ კანონს იღებს.
2 ივნისს, ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა უშუალოდ ბანკებიდან შეეძლება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მისი მიღება, დაახლოებით 10 დღის შუალედში იგეგმება.
სწორედ კომუნიკაციების კომისიაა მედიის შემზღუდავი იმ კანონების აღმასრულებელი ორგანო, რომელიც “ქართული ოცნების” პარლამენტმა ორი თვის წინ მიიღო. მათგან ერთი მედიის შინაარსის რეგულირებას ეხება, მეორე კი უცხოეთიდან დაფინანსების მიღების შეზღუდვას. სწორედ ამ უკანასკნელის აღსრულების გამარტივების მიზნით იღებს “ოცნება” ახალ კანონს.
“კომისიას არ გააჩნია ქმედითი მექანიზმი მაუწყებლების მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაფინანსების შესახებ რეალური ინფორმაციის მიღება”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
არსებული კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებელი მარეგულირებელს არ მიაწვდის ინფორმაციას მისი დაფინანსების წყაროების შესახებ, კომუნიკაციების კომისიას მას გააფრთხილებს, შემდეგ დააჯარიმებს, ბოლო კი ავტორიზაციას შეუჩერებს. ამის მიუხედავად, ახალი კანონპროექტის ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ ეს სანქციები არ არის ეფექტიანი მექანიზმი უკვე მიღებული კანონის შესრულების დასაზღვევად.
“მაუწყებლების დაფინანსების რეგულირება მიზნად ისახავს მაუწყებლების და შესაბამისად საზოგადოების დაცვას სხვადასხვა ჯგუფების გავლენებისგან. შესაბამისად, ამ ლეგიტიმური, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად საჭიროა შეიქმნას ქმედითი მექანიზმი, რომელიც კანონის აღმასრულებელ ორგანოს საშუალებას მისცემს მაუწყებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მესამე პირისგან – საბანკო დაწესებულებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია მაუწყებლის მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ”, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” პარლამენტის შემდეგი წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
კანონპროექტმა უკვე მიიღო დადებითი დასკვნები “ოცნების” პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტიდან და საბიუჯეტო ოფისიდან. პლენარულ სხდომაზე გატანამდე მას დასჭირდება იურიდიული კომიტეტის გავლაც, რომელიც, სავარაუდოდ მომდევნო კვირას დაინიშნება.
