იურიდიულ საკითხთა კომიტეტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დილის 9:00 საათზე განიხილავს.
განხილვის პარალელურად დაიგეგმა საპროტესტო აქციაც.
აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ მიმართავენ დეპუტატებს, ვეტო არ დაძლიონ.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა – კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.