კომიტეტებმა „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაა.
„კანონის მიღება უზრუნველყოფს ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნას. კანონპროექტი უზრუნველყოფს ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვას, სახეობებისა და ჰაბიტატების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, კომიტეტებმა მოისმინეს და მოიწონეს კანონპროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ რომლის მიზანი კოდექსის „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანაა.