პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა მიზანშეწონილი არ იყო.
ამის შესახებ ცქიტიშვილმა განცხადება დღეს, 15 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც გუშინ პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნულ კომისიაზე გამოცხადდა, განსხვავებით სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისაგან.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, საერთო ოპოზიციური კოორდინაციის ფარგლებში შეთანხმება იყო, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ოპოზიციის შეხვედრებზე სწორედ დიმიტრი ცქიტიშვილი წარმოადგენდა გახარიას პარტიას.
როგორც ცქიტიშვილი ამბობს, მან ოპოზიციური კოორდინაციის ფარგლებში თავის პარტიასთან შეუთანხმებლად დაადასტურა, რომ კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
„მინდა ჩემი მხრიდან განვმარტო იმის შესახებ, თუ რა შეთანხმება შედგა კოორდინაციის ფორმატში. კოორდინაციის ფარგლებში, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის შესახებ შეთანხმება მართლაც შედგა — ჩემი მონაწილეობითა და ჩემი დასტურით, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე წინასწარი მსჯელობა პარტიაში არ ყოფილა.მაშინაც მიმაჩნდა და დღესაც იმავე აზრზე ვარ, რომ არ მისვლა იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით.
თუმცა, ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი პერსონალური განზომილება — განსაკუთრებით ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა 20 ივნისი, ჩორჩანა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება. ეს თემები სცდება პარტიულ ჩარჩოებს და განეკუთვნება უფრო მაღალი, სახელმწიფოებრივი ინტერესების სფეროს.ეს ფაქტორები მე უნდა გამეთვალისწინებინა, როდესაც შეთანხმებას ვუერთდებოდი, და ვწუხვარ თუ ამით კოორდინაციის ფორმატი დავაზიანე.
მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელმა დღემ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია — მათ შორის, პოზიტიური შეფასებებიც — მე კვლავ ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ კომისიაში სხდომაში მონაწილეობა არ იყო მიზანშეწონილი“, – დაწერა დიმიტრი ცქიტიშვილმა Facebook-ზე.
14 აპრილს „ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გამოჰკითხეს.
ეს კომისია თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მაღალჩინოსნების საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, თუმცა შემდეგ მისი მანდატი გაფართოვდა და ახლა იქ პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანის დაბარებაა შესაძლებელი, ვისაც “ოცნება” ჩათვლის საჭიროდ.
გიორგი გახარიას მოსმენისას სხდომის ძირითადი ნაწილი 2019 წლის 20 ივნისს შეეხებოდა, რომელიც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლასა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა.
კომისიაზე საუბარი შეეხო ასევე ჩორჩანას საგუშაგოს. „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას ედავება, რომ შს მინისტრობის დროს თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია.
ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.
გიორგი გახარიამ წულუკიანის კომისიაზე თქვა, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით, რაც ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა.
გახარიამ ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მისი გადადგომის მიზეზებზე. მისი განცხადებით, გადადგომის მიზეზი არა ნიკა მელიას დაკავების საკითხი, არამედ ბიძინა ივანიშვილის ჩარევა იყო.
წულუკიანის კომისიაზე გახარიამ განაცხადა, რომ ეთანხმებოდა ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, ისევე როგორც მის დაკავებას, თუმცა არა იმ ფორმით, რომ შემდეგ ამნისტია გამხდარიყო საჭირო.
