საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ: მანუჩარ კოკოჩაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, თამარ ალფაიძე, დიმიტრი გაბუნია და კახა წიქარიშვილი.
კომისიამ კანდიდატები წინასწარ შედგენილი და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გასაუბრების პროცესს ესწრებოდნენ და მონიტორინგს უწევდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები
“დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, ODIHR პრეზიდენტის აპარატის მოწვევით მონიტორინგს უწევს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის პროცესებს.
მონიტორინგის დეტალური ანგარიში გამოქვეყნდება ამ წლის ბოლოს, რომელშიც მოცემული იქნება ჩვენი ძირითადი მიგნებები პროცედურის გამჭვირვალობისა და სამართლიანობის შესახებ, ასევე რეკომენდაციები, რათა სამომავლოდ გაუმჯობესდეს დანიშვნის პროცესი.
ODIHR-მა შეიმუშავა მონიტორინგის ღირებული ინსტრუმენტების ნაკრები, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ეუთოს რეგიონის ქვეყნებში სასამართლო დანიშვნებისა და შემოწმების (ვეტინგის) პროცესების მონიტორინგისთვის“. – წერია განცხადებაში, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) გაავრცელა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრს 2024 წლის 15 ივლისს დანიშნავს.