კომისიაზე გამოუცხადებლობა ვერ შეფასდება, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) მიიჩნევენ, რომ “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი კომისიაზე გამოუცხადებლობა, არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად. ასე ეხმაურება ორგანიზაცია დღეს, 22 მაისს, ამ საფუძვლით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებას.
ვრცელ მიმოხილვაში საია განმარტავს როგორ კომისიის მუშაობის სამართლებრივ და პოლიტიკურ ასპექტებს, ისე იმ ბრალს, რომელსაც წარუდგინეს უკვე არაერთ საჯარო პირს ამ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ როგორც თავად კომისიის საქმიანობა და მიზანი, ისე მასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად არის მოტივირებული.
საია-ში განმარტავენ, რატომ არის უსაფუძვლო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლისსამართლებრივი დევნა.
“პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის სანქცია გათვალისწინებულია, როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისე სისხლის სამართლის კოდექსში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1733 მუხლის მიხედვით – „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ორმოცდაათი მინიმალური ოდენობით“. ანალოგიური შინაარსის მატარებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლიც, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ, ერთი და იგივე ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდარღვევად, ისე დანაშაულად. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი არ განსაზღვრავს, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებში იდენტური ჩანაწერების არსებობის შემთხვევაში რომელს ენიჭება უპირატესობა, მნიშვნელოვანია საკითხის შეფასება მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნეს ის ნორმა, რომელიც ნაკლებად ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას”, – წერია საია-ს განცხადებაში.
გარდა ამისა, საია-ში ასაბუთებენ, რატომ არის უკანონო ყველაზე აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის გამოყენება როგორც ზურაბ ჯაფარიძის, ისე ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში.
“პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება, გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ერთადერთი საშუალებაა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულის მიმალვა და მის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა, ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი როგორც პირველი წარდგენის სხდომაზე ისე წინასასამართლო სხდომაზე გამოცხადდა სასამართლოში, სადაც დააფიქსირა მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობას.
მართალია, მოცემულ შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იყო სასამართლოსთვის მიემართა გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით, რაც ავტომატურად არ ნიშნავს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობას, მაგრამ, როცა პირი სასამართლოში ცხადდება, უზრუნველყოფილია აღკვეთის ღონისძიების მიზნის შესრულება, მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ პირმა არ გადაიხადა გირაოს თანხა პატიმრობის შუამდგომლობა და შემდეგ სასამართლოს მხრიდან აღნიშნული შუამდგომლობის უაპელაციოდ დაკმაყოფილება მიუთითებს აღკვეთის ღონისძიების მიზნის არასწორ გააზრებაზე. სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის დროს საიას გამოუვლენია არაერთი შემთხვევა, როცა, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაოს თანხა, პროკურატურას არ მიუმართავს სასამართლოსთვის შუამდგომლობით შეცვლილიყო გირაო პატიმრობით, ერთ შემთხვევაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მიიჩნია, რომ მხოლოდ გირაოს თანხის გადაუხდელობა გავლენას არ ახდენდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებაზე.
ხსენებულ შემთხვევაში პროკურატურის მხრიდან შინაარსობრივი გააზრებისგან დაცლილი, ტექნიკურად მკაცრი მიდგომა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა მოქმედებს პოლიტიკური მოტივით განპირობებული პირის დასჯის ინტერესით”, – აცხადებენ საია-ში.
საია-ს განცხადებას სულად, შეგიძლიათ გაეცნოთ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.