დედაქალაქში კომერციულ ფართებზე მოთხოვნა შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება დაახლოებით 10%-ია. დღეს კომერციული ფართების მფლობელები სივრცის გაქირავებას ცდილობენ, თუმცა კლიენტს ვერ პოულობენ. მოთხოვნის გაჩერების მიზეზად უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის საბჭოს წევრი ნინო გედევანიშვილი წინასაარჩევნო პერიოდს ასახელებს.
,,კომერციულ ფართებზე მოთხოვნა ჯერჯერობით შეჩერებულია. ისეთი აქტიური არ არის, როგორიც იყო ზაფხულის პერიოდში. დღეის მდგომარეობით, ბევრი კომერციული ფართი ვაკანტურია. რადგან კომერციული ფართის ქირაობა უკავშირდება ახალი ბიზნესის დაწყებას ან არსებულის გაფართოებას. ჯერჯერობით თავს იკავებენ. სავარაუდოდ წინასაარჩევნო პერიოდი ახდენს გავლენას.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში ნინო გედევანიშვილი.
მოთხოვნის შემცირებას ფასზე გავლენა ჯერ არ მოუხდენია, თუმცა გაურკვეველი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში ნინო გედევანიშვილი კომერციულ ფართებზე ფასის კლებას არ გამორიცხავს. რამდენად შემცირდება ფასი, ეს ჯერ უცნობია. ბაზარზე არსებული ვითარება უფრო ნათელი ნოემბრის ბოლოს გახდება.
,,იმდენად მოკლე მონაკვეთია, რომ ფასებზე ჯერ არ ასახულა. გააჩნია, ეს პერიოდი რამდენ ხანს გაგრძელდება. არჩევნებთან დაკავშირებული გაუგებრობა თუ დიდხანს გაგრძელდება მაშინ ბუნებრივია ფასის ნაწილში აისახება და შესაძლებელია ცოტა დაიწიოს.”- აცხადებს ნინო გედევანიშვილი.
კომერციულ ფართებზე იკლო უცხო ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან ინტერესმა. მიუხედავ იმის, რომ უცხოელები გამოთქვამენ სურვილს იქირაონ კონკრეტული ფართი, საბოლოო გადაწყვეტილებისგან მაინც თავს იკავებენ. ნინო გედევანიშვილი განმარტავს, რომ ძირითადად ყველა არჩევნების დასრულებას ელოდება.