კომერციულ მიმართულებაში რამდენიმე ძალიან დიდი გარიგება გვქონდა, რომელიც გაგვიუქმდა – Sakura Properties

“საკურა ფროფერთისის” დამფუძნებელი, ვიქტორია საკუროვა BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ უძრავი ქონების სექტორში საინვესტიციო გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ კომერციული ფართების მიმართულებით შეთანხმება გააუქმა.
მისივე შეფასებით, ზოგადად მათ სფეროში უცხოელი ინვესტორების მხრიდან მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ უძრავ ქონებაზე.
„ჩვენ კომერციულ მიმართულებაში რამდენიმე ძალიან დიდი გარიგება გვქონდა. ეს იყო როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ქვეყნისთვისაც მასშტაბური გარიგება, სადაც ძირითადად დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებისთვისაც მწვავე თემაა. თითქმის ბოლომდე გვქონდა 3 თვიანი მოლაპარაკებები მიყვანილი, როდესაც გვითხრეს, რომ “ვუყურებთ ყოველდღე გადაცემებს და ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ თავს შევიკავებთ”.
საქმე ეხებოდა, მათი ბიზნესის საქართველოში გაფართოებას. ეს ქონება იყო რუსთაველზე. ჩვენი მხრიდან ალტერნატიული შეთავაზებაც იყო, თუმცა მათგან უარი მივიღეთ. მათ უკვე ბილეთებიც ნაყიდი ჰქონდათ და საბოლოო შეთანხმებისთვის ჩამოდიოდნენ , თუმცა გააუქმეს თავიანთი მივლინება და აღარ ჩამოვიდნენ. ასეთი ისტორია ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას აქვს”, – განაცხადა “საკურა ფროფერთის” დამფუძნებელმა.
მან აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამ ინვესტორის დაკარგვით დაკარგა ძალიან დიდი კომპანია, რომელიც ფილიალს საქართველოში ხსნიდა და სავარაუდოდ, კიდევ ბევრ ფილიალს გახსნიდა.