26 დეკემბერს ინდოეთის საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ არაბეთის ზღვაში “შემკავებელი ძალის შენარჩუნების” მიზნით სამი სამხედრო გამანადგურებელი გემი გაგზავნა, რომლებიც მართვადი რაკეტებით არიან აღჭურვილი.
მანამდე, ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროს მახლობლად სავაჭრო ხომალდს დრონით დაესხნენ თავს. მოგვიანებით აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომ დრონები ირანის ტერიტორიიდან გაუშვეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და ბორტზე გაჩენილი ხანძარი მალევე ჩააქრეს. გემზე 21 ინდოეთის და ერთი ვიეტნამის მოქალაქე იმყოფებოდა.
ამასთანავე, ინდოეთი ადენის ყურეში მეკობრეების წინააღმდეგ საბრძოლველად ძალისხმევას გაზრდის მას შემდეგ, რაც დეკემბერში ბალკერი MV Ruen-ი სომალელმა მეკობრეებმა გაიტაცეს.
პენტაგონის თქმით, 2021 წლიდან მოყოლებული, ეს მე-7 ირანული თავდასხმა იყო კომერციულ გემებზე. ღაზაში მიმდინარე ჰამას-ისრაელის ომის ფონზე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვასა და მიმდებარე წყლებში სავაჭრო ხომალდებზე თავდასხმები გაახშირეს. მათი სამიზნეები ისრაელთან დაკავშირებული გემები და ტანკერებია.
წითელი ზღვის რეგიონში სავაჭრო გზებისთვის გაზრდილი საფრთხის გამო გასულ დღეებში აშშ-მ კომერციული გემების დასაცავად პარტნიორებთან ერთად წითელ ზღვაში ოპერაცია კეთილდღეობის მცველი დაიწყო.