კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტები ₾58.92 მილიარდამდე გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის მაისის ბოლოსათვის 58.92 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 140.41 მილიონი ლარით, 0.24%- ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 11.94% შეადგინა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 811.40 მილიონი ლარით, ანუ 2.94%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 670.99 მილიონი ლარით, ანუ 2.15%-ით შემცირდა.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის მაისის ბოლოსათვის 49.24% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 1.40 პროცენტული პუნქტით.
მაისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.90% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.74%.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში დოლარის წილმა 79.08%, ხოლო ევროს წილმა 18.94% შეადგინა.