„კომერციული ფრენები ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება“ – პარაგლაიდინგის ფედერაცია

პარაგლაიდინგის ფედერაციის ინფორმაციით, კომერციული ფრენები ჯერ მხოლოდ გუდაურში ხორციელდება, ანანურსა და ბაკურიანში კი უახლოეს პერიოდში აღდგება. ფედერაციაში განმარტავენ, რომ დღეს 91 ლიცენზირებული მფრინავი ჰყავთ, აქედან დაახლოებით 10 უცხოელია, 15 – სოლო მფრინავი, დანარჩენი კი კომერციული მფრინავი.
„ამ ეტაპზე, კომერციული ფრენის ნებართვა უკვე გაცემულია სამ საჰაერო სივრცეზე გუდაურში, ბაკურიანსა და ანანურში. აქედან კომერციული ფრენები ჯერ ხორციელდება გუდაურში, რადგან საჭიროა ასაფრენი-დასაფრენი მოედნის რეგისტრაცია და ოპერატორი კომპანია, რაც მოხერხდა მხოლოდ გუდაურის საფრენ ლოკაციაზე. ჯერ მხოლოდ ერთი ოპერატორი კომპანია გვყავს გუდაურში. ანანურშიც და ბაკურიანში ეს პროცესი დაწყებულია და უახლოეს პერიოდში აღდგება კომერციული ფრენები. მაგრამ, სოლო ფრენები გამოყოფილ საჰაერო სივრცეებში ნებადართულია. ლიცენზიის მქონეებს შეუძლიათ იფრინონ.
ვმუშაობთ სხვა ადგილებშიც – მესტიაში, კახეთსა და თბილისის ზღვასთან ნებართვების მიღებაზე. მარტში ველოდებით უკვე პასუხს. მომზადებული პროექტის მიხედვით, 11 ლოკაციაზეა საუბარი, სადაც თბილისი, სვანეთი, ბახმაროა შესული, მარტში ველოდებით საბოლოო პასუხს, თუ სად მოგვცემენ საჰაერო სივრცეებს. ვვარაუდობთ, რომ ყველა ლოკაცია იქნება განხილული.
დღეს გვყავს 91 ლიცენზირებული მფრინავი, აქედან დაახლოებით 10 არის უცხოელი, 15 არის სოლო მფრინავი, დანარჩენი არის კომერციულად მფრინავი. ფრენების აკრძალვამდე 110 კომერციულად მომუშავე მფრინავი იყო”,- აღნიშნავენ ფედერაციაში
წყარო: IPN