კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ მარტის ბოლოს 63.41 მილიარდი ლარი შეადგინა – სებ

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 832.22 მილიონი ლარით (1.33%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.70%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 63.41 მილიარდი ლარი შეადგინა – ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.60% შეადგინა. ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 492.16 მლნ ლარით (1.38%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 340.07 მლნ
ლარით (1.26%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.13%-ით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2025 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 10.72 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.02%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 18.22 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.87%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.78 %-ით მეტი).
2025 წლის მარტის განმავლობაში 1.26%-ით, ანუ 402.88 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მარტის ბოლოსათვის 32.46 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წლის მარტის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.89% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.030 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.