კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ უძრავი ქონების შეფასების მეთოდი იცვლება

კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიერ უძრავი ქონების შეფასების მეთოდი იცვლება, – შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აწერს ხელს.
უფრო კონკრეტულად, ახალი ბრზანების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ აღებული კრედიტის თანხა 200 ათას ლარამდეა (ან ეკვივალენტი სხვა ვალუტაში), უძრავი ქონების ინსპექტირებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის უფლებამოსილი პირი განახორციელებს.
„კრედიტის თანხაში გათვალისწინება ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში ყველა იმ კრედიტის ჯამური ოდენობა, რომელიც უზრუნველყოფილია შესაფასებელი უძრავი ქონებით“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.

დოკუმენტების მიხედვით, უძრავი ქონების ინსპექტირება სავალდებულოა განხორციელდეს შესაბამისი უძრავი ქონების შეფასების მომზადებაზე პასუხისმგებელი შემფასებლის მიერ.
„თუ უძრავი ქონების პირველადი შეფასების ფარგლებში უძრავი ქონების ინსპექტირება არ განხორციელებულა შემფასებლის მიერ, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას უნდა განხორციელდეს უძრავი ქონების გადაფასება და შემფასებლის მიერ უძრავი ქონების ინსპექტირება“, – ვკითხულობთ დოკუმენტებში.
ცნობისთვის, კანონის თავდაპირველი ვერსიით, ბიჯი, რომლის ფარგლებშიც საფინანსო ინსტიტუტს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უძრავი ქონების შეფასება შეეძლო, 80 ათასს ლარს შეადგენდა; 2023 წელს ეს ბიჯი 150 ათას ლარამდე გაიზარდა, ახალი ბრძანებულებით კი ზღვარმა 200 ათას ლარს მიაღწია.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი