კომენტატორ სანდრო ცნობილაძის სახლში საგამოძიებო ჩხრეკას ატარებს

სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩხრეკას ატარებს.
ჩხრეკას ესწრება ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე. თუმცა, უცნობია უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე მისი მისვლის შემდეგ დაიწყო, თუ იქამდე. ამ დროისთვის, უცნობია ჩხრეკის საფუძვლებიც.
სახლში ასევე იმყოფებიან ცნობილაძის შვილები. ერთ-ერთი მათგანი სახლში მას შემდეგ შევიდა, რაც ჩხრეკა დაწყებული იყო. ამ დროს ცნობილაძემ მოახერხა რამდენიმე წინადადების თქმა მის სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებთან იქამდე, სანამ მას კარის დაკეტვას აიძულებდნენ.
“ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას და შესაბამისად, ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არ მაღებინებს კარებს არავისზე. აქ არის ადვოკატი, რისთვისაც მადლობა ყველა იმ ადამიანს … არ ვიცი, რას ეძებენ. ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. შესაბამისად, მეტი არ ვიცი, ჯერჯერობით, არაფერი”, – თქვა ცნობილაძემ.
კითხვაზე, რას უკავშირებს საგამოძიებო მოქმედებას, ცნობილაძემ უპასუხა – “იმას, რომ სულ აქციებზე ვარ”.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება დაზარალებულად ცნობილი ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალის უკანონო მოპოვებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“