„კომენტარები, რომელიც კეთდება წამყვანი ბანკების აქციების ვარდნასა და სავალუტო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უფრო სპეკულაციურია“ – ცუცქირიძე

„ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბუნებრივია ზეგავლენას ახდენს ბევრ ფაქტორზე, ეკონომიკის ნაწილზე, მათ შორის ლარის კურსზეც, მაგრამ კომენტარები, რომელიც კეთდება წამყვანი ბანკების აქციების ვარდნასა და სავალუტო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უფრო სპეკულაციური და ნაკლებ კომპეტენტურია“ – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კაპიტალის დაცულობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია თუ რამდენი აქვს კომერციულ ბანკებს ბუფერი, რომ შეძლონ შოკების აცილება და მათი ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანა. ცუცქირიძე ასევე განმარტავს, რომ წამყვან კომერციულ ბანკებს ყველანაირი ბუფერის, მათ შორის კონტრციკლური ბუფერის მოთხოვნა აქვთ.
„თუ ეს ნორმები დაცულია, ნებისმიერი შოკისას ბანკებს აქვს უნარი, რომ მოახდინოს ამ შოკის არიდება, საქართველოს საბანკო სისტემას ყველა ის ბუფერი აქვს ნორმაში. ასევე მნიშვნელოვანია ლიკვიდობის მაჩვენებელი.
თუ მაგალითად ბანკებიდან დეპოზიტების გატანა, ან მსგავსი ნეგატიური მოვლენა მოხდა, ბანკებს აქვთ ნორმაში. საბანკო სისტემა არის მყარი, ის ერთ-ერთი ყველაზე მყარი და დაცულია, როგორც რეგიონში, არამედ ევროკავშირშიც კი.“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
რაც შეეხება ბანკის აქციების ფასის შემცირებას, გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, რომ როდესაც კომპანიის აქციები ეცემა, მისი კაპიტალიზაცია, მცირდება და თუ აქციების ფასი იწევს მისი კაპიტალი იზრდება, თუმცა ცუცქირიძე ამბობს, რომ პროცესის შეფასება უნდა მოხდეს დინამიკაში.
„6 თვის წინანდელთან შედარებით, საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების აქციების ფასი გაზრდილია ამ ვარდნის პირობებშიც კი, თუ კაპიტალიზაციაზეა საუბარი, 20% მეტი აქვთ ბანკებს კაპიტალიზაცია დღესაც, ვიდრე ჰქონდათ 6 თვის წინ.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას ეს მოკლევადიანი ვარდნებია, რაღაც ფაქტორების გამო, ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ფასზე, ეს არის ნეგატიური მოლოდინები, რომელიც შეიძლება ინვესტორებს ჰქონდეთ, თუ ისინი ჩათვლიან რომ ნეგატიური მოლოდინი წარმოიშვება, მათ შეიძლება დაიწყონ აქციების გაყიდვა და მოხდეს მოთხოვნა მიწოდების დისბალანსის ცვლილება. თუმცა ასეთ მოკლევადიან ვარდნებს მოსდევს ზრდაც, რადგან აქციები მიმზიდველია დაბალ ფასში“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
ცუცქირიძე განმარტავს რომ აქციების ფასის ვარდნა მოხდა პიკურ პერიოდში და არა წინა პერიოდში, შესაბამისად მისი თქმით კრიზისული ფაზა ფაქტობრივად გადავლილია, რადგან კანონი მიღებულია და საქმე დგას ვეტოზე.
„პროცესი იგივე საერთაშორისო ვიზიტორების ქვეყანაში ჩამოსვლა ვნახეთ, რომ სურვილი არის იყოს დიალოგი ამ საკითხზე, აქ საუბარი გაწვევაზე, რუსულ კანონზე აღარაა, ეს იყო ის ნარატივი, რომელსაც ოპოზიცია და არასამთავრობოები იყენებდა მიტინგების მუხტის ასაწევად.
როდესაც ინვესტორი ინფორმაცია იღებს, რომ ქვეყანაში რაღაც ხდება, წარმოიქმნება უარყოფითი ფაქტორები, რაც ზემოქმედებს აქციების ფასზე. ეს იყო დროებითი ვარდნა, რამაც მოახდინა აქციების გაუფასურება , მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოში მიდის სტაბილიზაციისკენ, ვნახავთ ფასების აწევას“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, რომ ყველა ეკონომიკური მაჩვენებლით საქართველოს ევროკავშირში და ზოგადად მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს. მისივე თქმით, ყველა საპროგნოზო მაჩვენებლით საქართველოს მიმდინარე წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება. რაც შეეხება უმუშევრობის მაჩვენებელს, მისი განცხადებით უმუშევრობის შემცირების საკმაოდ დიდი მაჩვენებელი აქვს ქვეყანას და დინამიკაში კიდევ უფრო შემცირდება.