ეროვნული ლიგის პირველ ტურში მხოლოდ ორი მატჩი ჩატარდა, 5 მარტს კი მეორე ტური დაიწყო.
თელავის “კავკასიონი არენაზე” “თელავმა”, რომელმაც პირველ ტურში ჩემპიონ “იბერია 1999”-თან წააგო, ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. Sportall.ge-მ მატჩი ადგილიდან გააშუქა, სადაც შემოღამებამდე დათოვლილი კავკასიონის მშვენიერი ხედი იყო.
ეს გუნდები ერთმანეთს რვაჯერ შეხვდნენ, კახელებმა უკვე ხუთჯერ მოიგეს, აქედან ნახევარზე მეტი კი საკუთარ მოედანზე მოდის.
ფოთელებს საინტერესო გუნდი ჰყავთ, გიორგი მოისწრაფიშვილსა და გიორგი აბუაშვილს გულშემატკივრები კარგად იცნობენ, 21 წლის ბრაზილიელ გაბრიელ პასზე (მეორე ტაიმი ითამაშა) დაკვირვება კი
გვაინტერესებდა. რაც შეეხებათ თელაველებს, ვატო არველაძისა და ჯადული იობაშვილის სახით აქ ახალი შემტევი ხაზია.
შეხვედრის სტარტზევე კარის აღების შანსი სტუმართა ფორვარდ კლიმოვს მიეცა, მაგრამ მცველებთან ორთაბრძოლაში კარს ცოტათი ააცილა. კახა ჩხეტიანის გაწვრთნილი ფოთელები მაღალ პრესინგს მიმართავდნენ და ბურთის მოპოვებას მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს ახერხებდნენ, რასაც კიდევ ორი სახიფათო მომენტი მოჰყვა. მასპინძლები ბურთის კონტროლს ცდილობდნენ, თუმცა ამას ვერ ახერხებდნენ.
მეექვსე წუთზე კლიმოვისა და კპოზოს ორთაბრძოლას კუთხური მოჰყვა, მოისწრაფიშვილის ჩაწოდების შემდეგ კიდევ ერთი კუთხური იყო, რასაც ფოთელებისთვის შედეგი არ მოუტანია. მალე ფირანიშვილმა ფაჩულიას სახიფათოდ გააყოლა.
“ბურთი დაიჭირეთ” – ისმოდა კახელთა თავკაც ვალერიან გაგუას მხრიდან. მალე გიორგი აბუაშვილმა, რომელსაც მაღალი კლასი აშკარად ემჩნეოდა, კარში სახიფათოდ დაარტყა, ვითარება კი მცველებმა ბოლო მომენტში განმუხტეს.
“თელავს” საკუთარი თამაშის პოვნა უჭირდა, “კოლხეთი” უფრო ორგანიზებული და მწვავე გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მე-18 წუთზე მასპინძლებმა სახიფათოდ შეუტიეს, რასაც ორი კუთხური მოჰყვა. მალევე, “კოლხეთის” კარისკენ ვატო არველაძემ გაისროლა.
პირველი 45 წუთის ბოლოსკენ თელაველები გააქტიურდნენ, თუმცა თუკი ტაიმის უკანასკნელ წუთს არ ჩავთვლით, როცა ბურთი ხარიხას მოხვდა, გამსაკუთრებული ხიფათის შექმნას ვერ ახერხებდნენ.
50-ე წუთზე თელაველთა კარში ისევ აბუაშვილმა გაისროლა, ბურთს კი მეკარე თანდილაშვილი იოლად დაეუფლა. ამის შემდეგ კურიოზილი სიტუაცია ვიხილეთ, მოედანზე ძაღლი შევარდა და ცოტა ხნით შეხვედრა შეაფერხა.
56-ე წუთზე კარის აღება ჯადული იობაშვილმა სცადა, რაც მეკარე კოტლიაროვმა არ დაანება. 58-ე წუთზე მასპინძლებმა მაგარი კომბინაციის შემდეგ გაიტანეს, რომლის ხილვაც ერთ რამედ ღირდა – ცეცხლაძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი სწრაფად და ტექნიკურდ წაიღო, იობაშვილმა ოსტატურად გაატარა, 23 წლის ტატო ჯივიძემ კი სტუმართა კარი დალაშქრა – 1:0. მალევე, კუთხურიდან ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ, მასპინძლეთა უპირატესობა აშკარა გახდა, ფოთელთა შეტევები კი უკვე ნაკლებორგანიზებული.
72-ე წუთზე ვატო არველაძემ ანგარიშის გაზრდა საჯარიმო დარტმით სცადა, რაც მეკარის ნადავლი გახდა. მალევე, მან მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ფირუზ მარაქველიძე ვიხილეთ, რაც მოედნის ცენტრის გაძლიერებას ნიშნავდა. კახა ჩხეტიანმა ამას სამმაგი ცვლილებით უპასუხა. საბოლოოდ, აღარაფერი შეცვლილა.
05.03. თელავი. “კავკასიონი არენა”.
თელავი – კოლხეთი 1913 1:0
გოლი: 1:0 (58) ჯივიძე (ცეცხლაძის პასით)
თელავი: თანდილაშვილი – გოგნაძე, კპოზო, ოდიშვილი, უბილავა (ტალახაშვილი, 93) – ცნობილაძე – ჯივიძე (გოგოტიშვილი, 78), დევდარიანი, არველაძე (მარაქველიძე, 74), ცეცხლაძე – იობაშვილი.
კოლხეთი 1913: კოტლიაროვი – ახალაძე (შეყილაძე, 77), ხარშილაძე, გიუნაშვილი, ჯიჯავაძე (ჩიხრაძე, 78)- ფირანიშვილი, მოისწრაფიშვილი – ზურაბიანი, აბუაშვილი (ჩიქოვანი, 77/ხარებავა,87), ფაჩულია (პასი, 46) – კლიმოვი.
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი.
ვილი სანიოლი, ზურაბ ხიზანიშვილი და რამაზ სვანაძე “მიხეილ მესხზე” ლიდერების მატჩს დაესწრნენ.
05.03. თბილისი. “მიხეილ მესხი”.
იბერია – ტორპედო 2:0
1:0(39) სიხარულიძე (სილაგაძის პასით), 2:0 (65) პიმენტელი (ავტ.გ).
ეროვნული ლიგის მეორე ტური 6 მარტს დასრულდება.
ღვთისავარ ანთაძე თელავიდან
ზოგი რა შტერია. დავარქვათ რეალი ტორპედოს ნაცვლად რა შეიცვლება ? ისევ იმ უსახურ ფეხბურთს ითამაშებს გუნდი. ისევ ის ტორპედოა რა, ისევ ძუნძული და არანაირი მონახაზი.