კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მაიამიში კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ დააკავეს

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, 71 წლის რამონ ხესურუნი მის შვილთან, ხამილ ხესურუნთან ერთად მაიამიში კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობის გამო დააკავეს. კოპა ამერიკის ფინალში კოლუმბიის ნაკრები არგენტინასთან დამატებით დროში დამარცხდა.
ინფორმაცია რამონ ხესურუნის და მისი შვილის დაკავების შესახებ მაიამის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა. ხესურუნს და მის შვილს, ასევე კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციას ამ შემთხვევის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგორც ცნობილია, ფიზიკური დაპირისპირება მაიამიში ჰარდ-როკის სტადიონთან თამაშის დასრულების შემდეგ დაიწყო. ხესურუნი და მისი შვილი მოედნის შესასვლელისკენ მიდიოდნენ, რა დროსაც გაღიზიანდნენ და ყვირილი დაიწყეს უსაფრთხოების ოფიცრების მიმართ, რომლებიც გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ დროებით ადამიანები სტადიონზე არ შეეშვათ. მაიამის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, პოლიციელმა ხამილ ხესურუნს მკერდზე ხელი შეახო და მისი შეჩერება სცადა, ამ დროს ხესურუნმა კი წინააღმდეგობის გაწევა სცადა, პოლიციის ოფიცერი ძირს დააგდო და ურტყამდა. რამონ ხესურუნმა ჩხუბში ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალ პოლიციის ოფიცერს, რომელიც მისი კოლეგის დახმარებას ცდილობდა.