აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მამაკაცმა მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა.
ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა, 45 წლის მუჰამედ საბრი სოლიმანმა, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისას შესძახა : „თავისუფალი პალესტინა“.
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა, კეშ პატელმა მომხდარი „მიზანმიმართულ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა, კოლორადოს გენერალურმა პროკურორმა, ფილ ვაიზერმა კი განაცხადა, რომ თავდასხმა, როგორც ჩანს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია.
