კოლონიის ადმინისტრაციამ ვლადიმირ კარა-მურზა პატიმრობის ყველაზე მკაცრ რეჟიმზე გადაიყვანა

ომსკის ოლქის მკაცრი რეჟიმის მეექვსე შრომა-გასწორების კოლონიის ადმინისტრაციამ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა ს კოლონიებში პატიმრობის ორი უმკაცრესი რეჟიმიდან ერთ-ერთზე გადაიყვანა. ის ნახევარი წლით გაგზავნეს საკნის ტიპის შენობაში, ფეისბუკში იტყობინება კარა-მურზას ყოფილი ადვოკატი ვადიმ პროხოროვი.
ეს ამ ტიპის საკანში პატიმრების მოთავსების მაქსიმალური ნებადართული ვადაა. საკნის ტიპის შენობა წარმოადგენს ციხეს კოლონიის შიგნით. კანონით, მასში პატიმართა საერთო მასიდან განცალკევებულად ათავსებენ რეჟიმის განსაკუთრებით გამოუსწორებელ დამრღვევებს.
კარა-მურზა იქ გაგზავნეს იმის გამო, რომ მას რამდენიმე წამის განმავლობაში ხელები ზურგს უკან არ ეწყო მაშინ, როცა, ადმინისტრაციის აზრით, ეს უნდა გაეკეთებინა. პროხოროვმა აღნიშნა, რომ პატიმრობის ახალმა პირობებმა კარა-მურზას სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მისი სუსტი ჯანმრთელობის გამო.
კარა-მურზა 25 წლით პატიმრობას იხდის სახელმწიფო ღალატის, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ის და მისი მომხრეები დარწმუნებული არიან, რომ ის თავისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოზიციის გამო იდევნება. Amnesty International-მა ის სინდისის პატიმრად ცნო, „მემორიალმა“ – პოლიტპატიმრად.
პოლიტიკოსის განთავისუფლებას ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები.
კიდევ უფრო მკაცრი რეჟიმია ერთიანი საკნის ტიპის შენობებში. კარა-მურზა ასეთი რეჟიმის პატიმრობაში იმყოფებოდა წლის დამდეგს. საამისოდ ის გადაიყვანეს სხვა კოლონიაში, სადაც მოიპოვება ასეთი შენობები.
18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სმოლენსკის ოლქში საკნის ტიპის შენობაში გაიგზავნა ოპოზიციონერი ილია იაშინი.