„კოლონიაში, სადაც ნავალნი გარდაიცვალა, წამებით მოკლეს პატიმარი“

„იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის დაბა ხარპში, სადაც 16 თებერვალს გარდაიცვალა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი , მე-3 კოლონიის თანამშრომლებმა ჯერ წამებით მოკლეს პატიმარი, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით სცადეს თვითმკვლელობის ინსცენირება“, – ამის შესახებ გამოცემა „ხოლოდი“ წერს.
გამოცემის წყაროების მიხედვით, მკვლელობა 2022 წლის ივლისში მოხდა. N3 კოლონიის თანამშრომელთა მსხვერპლი, 43 წლის პატიმარი ბაქრომბეკ შარიფოვია.
ანონიმურმა წყარომ „ხოლოდს“ უთხრა, რომ შარიფოვი წამების დროს გაიგუდა: კოლონიის თანამშრომლებმა მას ე.წ. სამი დამაწყნარებელი ხალათი ჩააცვეს, შემდეგ შეახვიეს ლეიბში და წებოვანი ლენტით შეფუთეს. წამების ამ ფორმას, როგორც კოლონიის ყოფილი პატიმრები ამბობენ, ხშირად იყენებდნენ.
როდესაც გაირკვა, რომ შარიფოვი მკვდარია, N3 კოლონიის თანამშრომლებმა, გამოცემის წყაროების თანახმად, გაანადგურეს (დაწვეს) ყველა ნივთმტკიცება, შემდეგ კი განაცხადეს, რომ პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.
მომხდარ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებამ ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის დროსაც გაირკვა, რომ მსჯავრდებულის თვითმკვლელობის ვერსია არ დადასტურდა. „ხოლოდის“ ცნობით, ამ საქმეზე ბრალი ციხის ხუთ თანამშრომელს წაუყენეს.
„ოპერატიული განყოფილების უფროსს იგორ ტიმოფეევს და მის ხელქვეითს, მარატ კიზიროვს ასამართლებენ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენების მუხლით, რამაც გამოიწვია სიკვდილი (ს ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლი) და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების (286-ე მუხლი) ბრალდებით. კოლონიის უსაფრთხოების დეპარტამენტის კიდევ ორ თანამშრომელს, ერლან ესმუხანოვსა და დმიტრი ანდრიანოვს ასამართლებენ დაუდევრობის მუხლით“ – წერს გამოცემა.
კიდევ ერთ ბრალდებულს, ოპერატიულ მორიგეს, ევგენი კუპცოვს სასამართლომ უკვე გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
გარდა ამისა, „ხოლოდის“ ჟურნალისტებმა შეიტყვეს სულ მცირე ორი შემთხვევის შესახებ, როდესაც ამ კოლონიაში დაღუპული პატიმრების ახლობლებს არ ეცნობათ არც გარდაცვალების მიზეზები და არც გარემოებები. ერთ-ერთი პატიმრის დამ გამოცემას განუცხადა, რომ კოლონიის ადმინისტრაციამ მას და მის დედას მხოლოდ ერთი დღე-ღამე მისცა კოლონიაში მისასვლელად და ცხედრის წასაღებად.
„იმის გამო, რომ მიცემულ დროში ვერ ჩაეტიენ, პატიმარი დამარხეს ხარპში გვარის გარეშე, ნომრით“, – წერს გამოცემა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გავრცელდა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა.
უწყების თანახმად, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და მყისიერად გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია