„კოლეჯ „განთიადში“ გვაქვს პროგრამა, რომელიც საქართველოში უპრეცედენტოა, ხილის ცივად შენახვა“ – ანა დათუაშვილი

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ თაი სიბოშვილთან ერთად, კოლეჯ „განთიადის“ დირექტორმა ანა დათუაშვილმა სასწავლო პროგრამებსა და პედაგოგების პროფესიულ გადამზადებაზე ისაუბრა.
„კოლეჯი „განთიადი“ 2012 წელს დაფუძნდა 3 კოლეჯის შეერთების შედეგად. ამ სამივე კოლეჯიდან დავიტოვეთ ტრადიციები და ამიტომ დღეს გვაქვს სოფლის მეურნეობის მიმართულებას, სახელოვნებო მიმართულებაც და მომსახურების სფეროც.
გვაქვს 13 გრძელვადიანი და 2 მოკლევადიანი პროგრამა. პროგრამები დაფუძნებულია რეგიონის მოთხოვნებზე, თუმცა აქაც გამოიყოფა პოპულარული პროგრამები საზოგადოებაში და ის, რაც ნამდვილად სჭირდება ბაზარს.
თავის დროზე ძალიან პოპულარული იყო ოფისის მენეჯერის პროგრამა, თუმცა, დროთა განმავლობაში გამოიკვეთა რომ მხოლოდ დიპლომის საფუძველზე ამ პოზიციაზე დასაქმება არ იყო შესაძლებელი, ამიტომ ამოვიღეთ ეს პროგრამა და ისეთი პროგრამები შემოვიტანეთ უმეტესად, რომელიც ბაზარს სჭირდებოდა შიდა ქართლში“, – აღნიშნა ანა დათუაშვილმა.
მისი თქმით, კოლეჯში დაემატა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დუალური პროგრამები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია და ამ მიმართულებებზე დასაქმების დიდი მაჩვენებელია და სტუდენტები საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებენ.
როგორც დირექტორმა განმარტა, 2025 წელს კოლეჯი გაივლის ავტორიზება და დაამატებს კიდევ სხვა პროგრამებს, რომელიც ბევრი მსურველისთვის იქნება საინტერესო.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს 3 მოკლევადიანი პროგრამა. ერთი ეს არის სერვისი და სერვირება, მეორე – რეგიონული ტურის მეგზური და მესამე, რომელიც უპრეცედენტოა საქართველოში – ხილის ცივად შენახვის ტექნიკა. ეს პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ აქ ჩართულია თურქი პროფესიონალი, რომელიც ჩამოდის და მონაწილეობს სწავლების პროცესში. ეს პროგრამა არის 8-თვიანი და ეს ადამიანი ხილის მოყვანიდან ბოლო ეტაპამდე იქნება საქართველოში და მიიღებს მონაწილეობას ყველაფერში. ეს პროგრამა უკვე ავტორიზებულია და ვაპირებთ, რომ დაფინანსებაზეც შევიტანოთ განაცხადი“, – აღნიშნა ანა დათუაშვილმა.
მისივე თქმით, პედაგოგების გადამზადების მიზნით, კოლეჯი იწვევს ხოლმე საზღვარგარეთიდან სპეციალისტებს, რომელიც მათ პროფესიულ მასტერკლასებს უტარებს. გარდა ამისა, კოლეჯი „განთიადის“ პედაგოგები პროფესიული განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული პროექტის ფარგლებში მშენებლობის მიმართულების 1 პედაგოგი იმყოფებოდა ლატვიაში, ამჟამად კი სოფლის მეურნეობის პროგრამის 2 პედაგოგი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით არის გერმანიაში.