კოლეგების დევნა, უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე — მედიაკოალიცია საზმაუს ბორდის სხდომაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის კეთილსინდისიერ ჟურნალისტებს და ეხმაურება საზმაუს სამეურვეო საბჭოს გუშინდელ სხდომას, როდესაც საბჭოს წევრებმა პროკურატურისგან მოითხოვეს, გამოძიებული იქნას არხის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიერ საზმაუს „უსაფუძვლოდ დადანაშაულების“ ფაქტები.
მედიაკოალიცია ამას აფასებს ჟურნალისტების დევნად „ოცნების“ ერთგული კოლეგების მხრიდან, მათ კრიტიკული განცხადებების გამო და ასევე მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU), აქტიურად ჩაერთოს არსებულ სიტუაციაში.
„ეს არის უპრეცედენტო ზეწოლა მედიის თავისუფლებაზე და პირდაპირი მუქარა იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას და ივანიშვილის რეჟიმს პროპაგანდასა და ძალადობაში ამხელენ.
მიმდინარე წლის 21 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ცალკეულმა წევრებმა იმსჯელეს მათი ჟურნალისტების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის კრიტიკულ განცხადებებზე. ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ სარწმუნო ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირების ნაცვლად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა საბჭოს წევრებმა, მათ შორის თავმჯდომარემ მ, გრიგოლ (გია) მურღულიამ, გიორგი კოხრეიძემ, თამილა დოლიძემ, ბონდო მძინარაშვილმა, იზაბელა ოსიპოვამ, გიორგი იაკობაშვილმა და სოსო სტურუამ, პროკურატურის ჩართულობა და აღნიშნული ჟურნალისტების საქმის შესწავლა მოითხოვეს. ივანიშვილი რეჟიმის ლოიალური საბჭო უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტები „ფინანსური ან პოლიტიკური ინტერესებით” მოქმედებდნენ. „შთაბეჭდილება მაქვს, რომ ამ ყველაფერში მასონური ლოჟაა ჩარეული”- განაცხადა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თამილა დოლიძემ.
ეს შემთხვევა არ არის იზოლირებული – ეს არის “ქართული ოცნების” მიერ გატარებული სისტემური პოლიტიკის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიონალი, დამოუკიდებელი და პროევროპელი ჟურნალისტების დევნას. “ქართული ოცნების” გავლენის ქვეშ მყოფი მმართველი პირების ხელმძღვანელობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებულია ივანიშვილის რეჟიმის სასარგებლოდ, რაც დადასტურებულია სხვადასხვა დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგებით.
არსებობს მრავალი შემთხვევა, მოქმედი თუ ყოფილი ჟურნალისტების ჩვენებები, რომლებიც ააშკარავებენ მაუწყებლის პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ პოლიტიკას. ევროპარლამენტი მოითხოვს სანქციების დაწესებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძისა და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილის მიმართ პროპაგანდის გავრცელებასა და რეპრესიული რეჟიმის მხარდაჭერისთვის.
აღსანიშნავია, რომ უწყვეტ აქციებთან ერთად, მიმდინარეობს პროტესტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ მაუწყებელმა შეასრულოს თავისი მისია, უზრუნველყოს სათანადო გაშუქება და ხალხის ხმის საზოგადოებამდე მიტანა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის, და სწორედ ამ დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტების წყალობით, ჯერ კიდევ არსებობს საზოგადოებაში რწმენა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის მიმართ. მიუხედავად ზეწოლისა, ეს ჟურნალისტები აგრძელებენ პროფესიული სტანდარტების დაცვას და ცდილობენ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისთვის“, — ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.
წაიკითხეთ საზმაუს სამეურვეო საბჭოს სხდომის შესახებ ვრცლად:
საზმაუს ბორდის წევრები: ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის და კახა მელიქიძის განცხადებებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დღეს საქართველოში რეპრესიებია – სამწუხაროდ, 1937 ძალიან ახლოს ჟღერს – მთავრობა, რომელიც რუსეთის ტაქტიკას ასახავს, სასამართლო სისტემას და პოლიციას მოქალაქეების წინააღმდეგ იარაღად იყენებს