News.ge გთავაზობთ ია ანთაძის ინტერვიუს მწერალ კოკა ქამუშაძესთან – “ადრე თუ გვიან, ყველა პროტესტი გამარჯვებით მთავრდება”.
– კოკა, თუ არის რაიმე, რის გაკეთებაც ყველაზე მეტად გინდათ, სანამ ცოცხალი ხართ?
– ძალიან ცვალებად გარემოში ვცხოვრობთ და ვცდილობ, აწმყოს ადამიანი ვიყო – იმ მომენტში რა სურვილებიც მაქვს და რაც არის აქტუალური, იმაში ჩავდო მაქსიმუმი; მნიშვნელოვანი წამები დავიჭირო და იმით დავტკბე, რაც დაუგეგმავად, სპონტანურად მოდის. მომავალში ოსკარს ან ნობელის პრემიას არ ველოდები – ასეთი გეგმები არ მაქვს.
– გააზრებული ცხოვრება რას ნიშნავს თქვენთვის – აწმყოს ადამიანისთვის?
– ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, რომ დიდი დრო გამიჩნდა საკუთარ თავთან მარტო დასარჩენად. ჩემი რაობა მაშინ გავიაზრე – ვინ ვარ? რას ვაკეთებ? რა როლი შეიძლება მქონდეს სამყაროში? იმის გააზრებაც მოვიდა ჩემთან, რომ საკუთარი როლი ძალიან მნიშვნელოვნად წარმოგვიდგენია ადამიანებს, მაგრამ ამდენად დიდიც არ არის. ჩვენ გარშემო არ ბრუნავს პლანეტები და არც სხვა ადამიანები ბრუნავენ ჩვენ ირგვლივ.
– პირადად თქვენი ცხოვრების გააზრება გკითხეთ.
– დიახ. მაგრამ ზუსტი პასუხი არ მაქვს. დროის გარკვეულ მონაკვეთში ყოველთვის ვჩერდები და უკან ვიყურები. მინდა, ის გაკვეთილები გამოვიტანო ჩემი წარსულიდან, რომლებიც ან ცხოვრებას გამიადვილებს, ან სირთულეების დროს წინ მიბიძგებს. უკან გახედვის გარეშე, ჩვენს გზას სწორად ვერ გავიაზრებთ.
– გზის სწორად გააზრებას, კონკრეტულად, რას ეძახით?
– ჩემი ცხოვრების გააზრება მუდმივად არის ხოლმე ჩემს თავში ჩაძიება, მათ შორის, თვითკრიტიკა. ვცდილობ, რომ სხვისი პერსპექტივიდან აღვიქვა და შევაფასო ჩემი თავი. ამას ვეძახი ცხოვრების გააზრებას, რომ შევეცადო, სხვისი თვალით დავინახო, მე რა როლი მაქვს სამყაროში.
– საუბრის დასაწყისში თქვით, აწმყოს ადამიანი ვარო. ახლა გავიგეთ, რომ წარსულის გადახედვას დიდ როლს ანიჭებთ. თანაც, ამბობთ, რომ მომავალს არ გეგმავთ. წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანობაში როგორ ლაგდება თქვენს ცნობიერებაში?
– აწმყოს ადამიანი ვარ, მაგრამ წარსულის გამოცდილება მეხმარება, რომ აწმყოში სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. რა თქმა უნდა, აწმყოში მიღებულ გადაწყვეტილებებს თავისი შედეგები ექნება მომავალში, მაგრამ, ძირითადად, აღარ ვიწყებ ხოლმე ფიქრს, რომ ახლა თუ ამას გავაკეთებ, მომავალში შეიძლება ასეთი და ასეთი უარყოფითი შედეგები მივიღო. არ მიყვარს რისკის პერსპექტივით მომავლის შეფასება.
– ახლა გასაგებია.
– წარსულის გამოცდილებას ზოგჯერ ინტუიციას ვეძახით, მაგრამ ეს ხომ პირდაპირ ინტუიცია არ არის?! ეს არის დაგროვილი გამოცდილებებიდან მიღებული უნარი, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება, ან მინიშნებებს გვაძლევს. ამიტომ, წარსულს ინტუიციური გადაწყვეტილებებისთვის ვიყენებ და სამომავლო რისკებზე ფიქრს აღარ ვაგრძელებ. არ ვართ ისეთი მასშტაბის ადამიანები, რომ ჩვენს ქმედებას გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. რამე თუ გაფუჭდება – ან მე თვითონ გამოვასწორებ, ან ვინმე სხვა გამოასწორებს.
– თუ დაეთანხმებით აზრს, რომ ადამიანის ყველაზე მძიმე მოგონება უკავშირდება ფაქტს, როცა საკუთარ პრინციპებს უღალატა?
– დიახ, ცალსახად ასე ვფიქრობ. რეალურად, ეს არის, რამაც შეიძლება დაგანგრიოს და მოგკლას. მაინცდამაინც ფიზიკურ სიკვდილს არ ვგულისხმობ. შეიძლება, ცხოვრებას ვაგრძელებდეთ, ფიზიკურად ვარსებობდეთ, მაგრამ შინაგანად მკვდრები ვიყოთ. მერე, შეიძლება, შევძლოთ, რომ თავიდან დავიბადოთ, კიდევ ერთი სიცოცხლე შევიძინოთ. მაგრამ მგონია, რომ მარტო ეს არის, რაც მე შინაგანად მკლავს – საკუთარი პრინციპების ღალატი. მხოლოდ ამას შეუძლია, გამოუსწორებელი ცვლილებები გამოიწვიოს ჩემში.
– თქვენთვის მთავარი პრინციპებია, თუ ადამიანები?
– უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის პრინციპებია მთავარი. ჩვენს ცხოვრებაში ხშირია შემთხვევა, როცა სასწორის ერთ მხარეს პრინციპები დევს და მეორე მხარეს – ადამიანები. მაგალითად, რაღაც პრინციპს თუ დავიცავ, ამან შეიძლება ტკივილი მიაყენოს ჩემს ახლობლებს – მეუღლეს, მშობლებს, ნათესავებს, მეგობრებს… რა თქმა უნდა, მიმიღია გადაწყვეტილებები ოჯახის და ადამიანების სასარგებლოდაც, მაგრამ თუ მაქვს საკმარისი დრო და სათანადო პირობები, რომ კარგად გავიაზრო, ალბათ, ყოველთვის პრინციპებს ავირჩევ. მგონია, რომ პრინციპების ერთგულება არის იდეალიზმი, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ადამიანები დღემდე მოგვიყვანა. იდეალის გამო, შემიძლია, ყველაზე მეტი დავთმო – ჩემი პირადი სიცოცხლე.
– 2009 წელს, როდესაც თქვენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის დირექტორი იყავით, დაგაპატიმრეს და ფინანსურ დანაშაულს გედავებოდნენ, რასაც დღემდე არ ეთანხმებით. ყველაფერი სწორად ვთქვი?
– დიახ.
– მაშინ, გავაგრძელებ. იმის შემდეგ 12 წელი გავიდა და თქვენ დაწერეთ წიგნი „ბალა(ნ)და“, რომელიც თქვენი პატიმრობის ამბავს აღწერს. ამ წიგნის დაწერის შინაგანი მოტივი რა იყო – ის, რომ მეტი ადამიანისთვის გაგეზიარებინათ თქვენი გამოცდილება, თუ ის, რომ, ამ ძველი ამბისთვის ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაგესვათ და თავიდან მოგეშორებინათ?
– ძალიან მიყვარს თხრობა, ისტორიების მოყოლა. ის, რომ ამ ამბავს ბევრ ადამიანს მოვუყვებოდი, იქვე, პატიმრობისას გადავწყვიტე. არა იმიტომ, რომ ჩემი ნაამბობი ვინმეს შეაჯანჯღარებდა – არც მიფიქრია, რომ წიგნი-ქადაგება დამეწერა, ან სისტემა შიგნიდან მემხილებინა. ეს ყველაფერი თავისთავად გამოდის, წერის პროცესში. იმდენად უცნაურ ამბებში აღმოვჩნდი, იმდენი საინტერესო ადამიანი გავიცანი, იმდენი ჩემთვის უცხო ამბავი გადამხდა, რომ არ შემეძლო, არ მომეყოლა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ და, ვთქვათ, „წითელზე“ არ გამივლია… ამას გულახდილად ვამბობ. მაგრამ არც ისეთი კანონდაუმორჩილებელი ვარ, რომ ოდესმე ციხეზე მეფიქრა. არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. „ქუჩის ცხოვრებით“ ცხოვრობენ და უშვებენ, რომ, ადრე თუ გვიან, თავისუფლებას დაკარგავენ. მე ისეთი ცხოვრებით არ მიცხოვრია, რომლითაც შეიძლება ციხეში აღმოჩნდეს ადამიანი. მაგრამ ეს რომ მოხდა, სამყარო – რომელიც პარალელური სამყაროსავით არის – ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ჩავთვალე, არ იქნებოდა სამართლიანი, რომ არ მომეყოლა, შიგნით რა ხდება. თან კოვიდის პერიოდი დაიწყო და სახლში ჩავჯექი. ასე ბუნებრივად დაიბადა წიგნის დაწერის იდეა. თუმცა, ეს ამბავი 10 წელი თავში მქონდა, ვამწიფებდი და ვეძებდი ფორმას, როგორ შეიძლებოდა, რომ გადმომეცა.