კოკა ბრეგაძე: ქართველი ერი პოლიტიკურ პროცესში არასოდესაა ჩართული, მუდამ “აფსაიტშია”, ყველაფერი მის ზურგს უკან ხდება

“დამოუკიდებელი საქართველოს უპირველესი “მონაპოვარი”, პირველ რიგში, სწორედ ისაა, რომ აქ კულუარული პოლიტიკური ცხოვრება დამყარდა, რასაც ედიკამ დაუდო სათავე და ეს დღემდე ასე გრძელდება.
ამიტომაც, ქართველი ერი პოლიტიკურ პროცესში არასოდესაა ჩართული, მუდამ “აფსაიტშია”, ყველაფერი მის ზურგს უკან ხდება (და მას გონია, რომ მისით ხდება) – მას ქრონიკულად არ მიუწვდება ხელი არცერთ პოლიტიკურ პროცესზე – იქნება ეს შიდა თუ საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური თუ სასამართლო პოლიტიკა და ა.შ. ამის მიზეზი კი, ისევ და ისევ, ქართული პოლიტიკური ცხოვრების კულუარული თავისებურებაა. შესაბამისად, ქართველი ერი ვერასოდეს ვერ აკეთებს რეალურ პოლიტიკურ არჩევანს, ის არასოდეს არ ირჩევს: მას ამ კულუარებიდან ყოველთვის სთავაზობენ ვიეთთა არჩევას და ერს გონია, რომ მართლა ირჩევს. მას ყოველთვის სთავაზობენ ამა თუ იმ პოლიტიკურ “თამაშს”, მას არავინ ეკითხება, ვის და რატომ უშვებენ თანამდებობიდან და ა. შ. ამიტომ, ქართველი ერი საკუთარივე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში “აქციონერი” კი არაა, არამედ “რეაქციონერია”. ამ დისპოზიციას კი ბოლო არ უჩანს და, ალბათ, დიდი ხანი გაგრძელდება”, – წერს სოციალურ ქსელში თსუ-ს ასოც. პროფესორი კოკა ბრეგაძე.