კოკა ბრეგაძე: სიმპტომატურია, რომ ბოლშევიკებს და ნაცისტებს ერთნაირად სძაგდათ ბურჟუაზია, ბიურგერი, ბურჟუა; არა მხოლოდ იმიტომ, რომ …

“სიმპტომატურია, რომ ბოლშევიკებს და ნაცისტებს ერთნაირად სძაგდათ ბურჟუაზია, ბიურგერი, ბურჟუა; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლშევიკებიც და ნაცისტებიც სოციალისტები იყვნენ და მუშათა პარტიები ჰქონდათ ჩამოყალიბებული, არამედ, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ბურჟუაზიული კლასი, ერთი მხრივ, არის წიაღი და წინაპირობა დემოკრატიისა (ვინაიდან დემოკრატია ოდენ მაძღარი საშუალო ფენის, ე. ი. მაძღარი შეძლებული ბიურგერის პრივილეგიაა და ეს ფენა საზოგადოების უმრავლესობაა), მეორე მხრივ, ბურჟუაზია არის კლასი, რომელიც წაახალისებს კოსმოპოლიტიზმს, ანუ წაახალისებს კულტურის ღიაობას და უკუაგდებს იზოლაციონიზმს, შემდგომ კი იქვე წაახალისებს ესთეტიციზმს; და მესამეც: ბურჟუაზიის კლასი ანტიიდეოლოგიურადაა მომართული და ბუნებით პლურალისტურია.
სიმპტომატურია, რომ ყველა დიდი ხელოვანი და ფილოსოფოსი სწორედ ბურჟუაზიის კლასიდან, ბიურგერული ოჯახებიდან იყო გამოსული: ჯონ ლოკი, ლაიბნიცი, ვოლტერი, კანტი, ფიხტე, გოეთე, შილლერი, ნიცშე, შოპენჰაუერი, თომას მანი, ჰერმან ჰესსე, ბეთჰოვენი, მოცარტი, ვაგნერი, მალერი და ა. შ.
ამიტომაცაა, რომ პროექტი >>განმანათლებლობა<< სწორედ ბიურგერული პროექტია, ბურჟუაზიული კლასის პროექტია.
შესაბამისად, სანამ ჩვენში ეს ბურჟუაზიული, ბიურგერული საშუალო კლასი არ ჩამოყალიბდება, მანამდე აქ დამოკლეს მახვილივით სულ ჩამოკიდებული იქნება საბჭოთა სტალინისტური პატრიოტიზმის, ავტორიტარიზმის, დიქტატურის, იზოლაციონიზმის, ს ორბიტაზე ტრიალის საფრთხე.
და რა არის დღეს თანამედროვე ქართული ფსევდო და ეფემერული “საშუალო კლასი”?! ის არანაირ დოვლათს არ ქმნის და ბუნებით პარაზიტია, ვინაიდან ამ ფსევდო საშუალო კლასის ერთი ნახევარი ბურჟუაზიულ დასავლეთში გადახვეწილი ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე ზის, მეორე ნახევარი კი – დასავლურ-აღმოსავლური ინვესტიციებით შევსებულ საბიუჯეტო ხელფასებზე. 🤣
ამგვარად: ბურჟუაზია (შეძლებული საშუალო ფენა) – განმანათლებლობა – დემოკრატია” – წერს სოციალურ ქსელში თსუ-ს ასოც. პროფესორი კოკა ბრეგაძე.