ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან დაკავშირებული სკანდალის გამო უნდობლობის გამოცხადების თაობაზე კენჭისყრის წინაშე დგას. ამის შესახებ სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, ევროპარლამენტის ულტრამემარჯვენე კანონმდებლები აცხადებენ, რომ მათ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვეს მთელი კომისიის გადადგომის შუამდგომლობისთვის მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სასამართლომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ ფარმაცევტული კომპანიის, „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორთან პირადი შეტყობინებების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.
„ფაინენშელ თაიმსის“ მიხედვით, ურსულა ფონ დერ ლაიენი, სავარაუდოდ, გადაურჩება მომავალი თვისთვის დაგეგმილ კენჭისყრას, თუმცა, შესაძლოა, იგი იძულებული გახდეს, მეტ კომპრომისზე წავიდეს როგორც მემარცხენეებთან, ასევე მემარჯვენეებთან მიმართებით, მათი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
რუმინელმა ულტრამემარჯვენე ევროპარლამენტარმა, გეორგე პიპერეამ გამოცემას განუცხადა, რომ ის შუამდგომლობას 26 ივნისს წარადგენს, საჭირო 72-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ. პიპერეას განცხადებით, მის ინიციატივას მხარს უჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის საკუთარი, მემარჯვენე-ცენტრისტული „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) ზოგიერთი წევრი.
დეპუტატის თქმით, წარმატების შანსები მცირეა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „შესაძლებლობას იძლევა ურუსლა ფონ დერ ლაიენის მიმართ კონსტრუქციული და დასაბუთებული კრიტიკისთვის“. პიპერეამ ასევე განაცხადა, რომ ეს კომისიას ავალდებულებს, განიხილოს შეშფოთება და წარმოადგინოს დასაბუთებები.
„ფაინენშელ თაიმსი“ წერს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის წინააღმდეგ პიპერეას შუამდგომლობა ე.წ. ფაიზერგეითის სასამართლო საქმეს ეფუძნება, თუმცა ასევე აკრიტიკებს მის დამოკიდებულებას პარლამენტის მიმართ. ეს არის საჩივარი, რომელსაც იზიარებენ ცენტრისტები და მემარცხენე ევროპარლამენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ ის ხშირად გვერდს უვლის ბლოკის ერთადერთ პირდაპირ არჩეულ ინსტიტუტს და ზედმეტად კეთილგანწყობილია ევროკავშირის მთავრობების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ უნდობლობის ვოტუმის დაწყების ზღვარი დაბალია, ურსულა ფონ დერ ლაიენის და მისი კომისიის გადაყენებას ევროპარლამენტარების ხმათა ორ მესამედზე მეტი დასჭირდება. ასამბლეა 720 წევრისგან შედგება და ერთი წლის წინ მის პრეზიდენტად არჩევას 401-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
ცნობისთვის, ევროკავშირის სასამართლომ მაისში კომისიის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება ურსულა ფონ დერ ლაიენსა და „ფაიზერის“ აღმასრულებელ დირექტორს, ალბერტ ბურლას შორის ტექსტური შეტყობინებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ დავაზე. „ნიუ იორკ თაიმსმა“ საქმე მას შემდეგ წამოიწყო, რაც ურსულა ფონ დერ ლაიენის გუნდმა შეტყობინებების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა. სასამართლომ უარყო კომისიის არგუმენტი, რომ მას არ შეეძლო შეტყობინებების პოვნა.
1tv.ge
