“კოვიდის შემდეგ პრემიუმ სარემონტო მასალაზე მოთხოვნა გაორმაგებულია”- Mosaics-ი

სარემონტო მოსაპირკეთებელი მასალების კომპანია Mosaics-ის დირექტორის, ირაკლი შამელაშვილის თქმით, პრემიუმ კლასის ბრენდების პროდუქციაზე საქართველოში პანდემიის შემდეგ მოთხოვნა გაორმაგებულია.
როგორც შამელაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, წლიურად ზრდა 25-30%-ია.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის შემდეგ პერიოდში განვითარება 2-ჯერ უფრო სწრაფად მიდის, ვიდრე მანამდე, შესაბამისად, სარემონტო მასალების ბიზნესიც ხელს უწყობს ამ პროცესს და ჩვენც მასთან ერთად ვითარდებით.
ბოლო ათწლეულში უფრო მეტი საშუალო და მაღალი კლასის მშენებლობა დაიწყო, ამასთან ერთად ხალხმა უკვე ნახა, როგორი შეიძლება იყოს ევროპული ხარისხი და გაიზარდა ამაზე მოთხოვნა. ბევრი რაღაცის წარმოება საქართველოში არ გვაქვს, მაგალითად დიზაინერული რადიატორები, კერამიკული ფილა, შესაბამისად, იმპორტი გვიწევს. საშუალო სეგმენტიც უკვე ითხოვს ევროპულ ხარისხს, უნდათ მიიღონ დიზაინი, იმიჯი.
საშუალოზე და მაღალ სეგმენტზე გათვლილი ბიზნესები წელიწადში 25-30%-ით იზრდება. მოთხოვნა ყოველთვის მზარდია და ეს ეხება როგორც ფიზიკურ პირებს, ისე ბიზნესებს. მაგალითად სასტუმრო ინდუსტრიამ პანდემიის შემდეგ ორმაგი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა. აქტუალურია ბუტიკური სასტუმროები – 15-20 ნომერზე გათვლილი, სადაც უნდათ განსხვავებული დიზიანერული შტრიხები შეიტანონ, რაც მათ იმიჯს გაზრდის. ეს მიმართულება 3-4 წელია ძალიან პოპულარულია.
სამი წლის წინ, როცა Mosaics-მა დაიწყო ოპერირება, მხოლოდ კერამიკული ფილის და სანიტარიული კერამიკის იმპორტიორი იყო, დღეს გვაქვს ბევრად მეტი მიმართულება. 50-ჯერ გავზარდეთ ასორტიმენტი და ეს განაპირობა ბაზრის მოთხოვნამ.“ – განაცხადა შამელაშვილმა.
ცნობისთვის, კომპანია Mosaics-ი 2021 წლიდან ოპერირებს. მის ძირითად მიზანს მულტიბრენდული სარემონტო – მოსაპირკეთებელი მასალების შოურუმის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მომხმარებლისთვის განსხვავებულ, თანამედროვე, მაღალი ხარისხის მქონე, ექსკლუზიურ ევროპულ ბრენდებს გახდიდა ხელმისაწვდომს.